„ღამის დისტრიბუციამ, შესაძლოა, ურჩი რითეილერების რიცხვი გაზარდოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებმა ღამის საათებში განსაზღვრულ დროს უნდა იმოძრაონ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილი მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს.
„პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც იცით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში იგივე მიდგომები გვექნება. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის 7 საათამდე”, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
„გვქონდა შეხვედრა, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები შევარჩიოთ”,-განაცხადა მან.
ივა ჭყონიას განმარტებით, ზოგადად რეფორმა მისასლმებელია, მაგრამ მისი თქმით, დისტრიბუციის ავტომანქანების ღამის სათებში მოძრაობა ეკონომიკური კუთხით უარყოფით შედეგს გამოიღებს და დიდი ალბათობით, წვრილი სავაჭრო ობიექტების ნაწილის დახურვას გამოიწვევს.
„რეფორმა კარგია, მაგრამ მას ეკონომიკური უკუშედეგი არ უნდა მოჰყვეს. დისტრიბუტორები ცვლილებისთვის მზად ვართ, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა დაგვაზარალოს. უმუშევრობა არ უნდა გაიზარდოს, მაღაზიები არ უნდა დახუროს და ა.შ. პრობლემა იმაშია, რომ ღამის დისტრიბუცია მოითხოვს დამატებით კადრებს, რომლებიც ღამის საათებში იმუშავებენ და პროდუქციას ჩაიბარებენ. შესაბამისად, წვრილი საცალო ვაჭრობის ობიექტები, რომელთა რიცხვიც 5000-მდეა, ღამის საათებში დამატებითი კადრის აყვანას ვერ შეძლებენ, რადგან შემოსავალი ისედაც მცირე აქვთ. მათი ნაწილი ცვლილებას ვერ გაუძლებს, შესაძლოა, დაიხურონ და დისტრიბუტორების ფულიც გაიყოლონ. ისედაც იცით, რომ გვყავს ურჩი რითეილერები, რომლებიც სადისტრიბუციო კომპანიებს თანხებს დროულად არ უხდიან. ღამის დისტრიბუციამ კი მათი რიცხვი შესაძლოა, გაზარდოს“, - აცხადებს ივა ჭყონია.
მისივე თქმით, დისტრიბუციის ავტომანქანები საცობს ნაკლებად ქმნიან და ისინი გადატვირთულ საათებში ქალაქში მოძრაობისგან თავს იკავებენ.
„ჩვენ დავუსაბუთეთ მერიას, რომ სადისტრიბუციო მანქანები საცობს არ ქმნიან. დილის 8 საათიდან 10 საათამდე, როცა საცობია, სადისტრიბუციო კომპანიების 85% ქსელში არ არის. ისინი ქუჩებში 10 საათის შემდეგ გადიან. ისინი ძირითადად ცდილობენ, რომ 17 საათამდე მოახდინონ ობიექტების მომარაგება, რადგან საღამოს საცობებია. დიდი ქსელური მარკეტები კი, რომლებიც ღამის დისტრიბუციას თავად ახორციელებენ, გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. პარადოქსულია, მაგრამ დღის საათებში უფრო უადვილდებათ ავტომანქანების დაპარკინგება, ვიდრე ღამით. ეს ყველაფერი ავუხსენით მერიის წარმომადგენლებს და მისასალმებელია, რომ ისინი ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებენ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენთვის მტკივნეული არ იქნება“, - აღნიშნავს ივა ჭყონია.
ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებლის განმარტებით, დისტრიბუციის ავტომანქანების ღამის საათებში მოძრაობა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობას არ შეამცირებს.
„თუ პატარა მაღაზია ღამის დისტრიბუციაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ ცვლილება ხარჯებს გაუძვირებს, თავის გადარჩენის მიზნით, თავად წავა ბაზარში და მოიტანს პროდუქტს. ანუ ის მანქანა ქალაქში მაინც იმოძრავებს. ცვლილება გააჩენს იმ პრობლემას, რომ აღურიცხავი საქონელის რაოდენობა გაიზრდება. წვრილი სავაჭრო ობიექტები თვითმომარაგებაზე გადავლენ, რომ ხარჯი ნაკლები ჰქონდეთ. კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც ამ ცვლილებას ექნება, არის ის, რომ ღამის დისტრიბუცია გამოიწვევს ხმაურს, რაც მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის“, - აცხადებს ივა ჭყონია.
თეონა კენჭიაშვილი