საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინსპექტირების შედეგები - რამდენმა ავტობუსმა და მიკროავტობუსმა ვერ გაიარა წელს ტექნიკური დათვალიერება

მიმდინარე წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური დათვალიერების გასავლელად 179 ავტობუსი და 651 მიკროავტობუსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციიდან “ მიაწოდეს.

კერძოდ, ასოციაციის ცნობით, 179 ავტობუსიდან პირველადი ტექნიკური ინსპექტირების შედეგად 47 სატრანსპორტო საშუალებას ხარვეზი დაუფიქსირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ 179 სატრანსპორტო საშუალებიდან 56 ახალი ლურჯი ავტობუსი იყო, საიდანაც მხოლოდ 1 ავტობუსი დახარვეზდა, რომელმაც ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხარვეზი უკვე აღმოფხვრა.

რაც შეეხება მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებს, ასოციაციის ცნობით, 2018 წელს ინსპექტირებაზე ჯამში, 651 მიკროავტობუსი გამოცხადდა, საიდანაც 165 სამარშრუტო ტაქსს სხვადასხვა გაუმართაობა დაუფიქსირდა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე დაახლოებით, ყოველ მე-4 მიკროავტობუსს გაუმართაობა უფიქსირდება. მისივე თქმით, ამის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებას 1 თვიანი ვადა ეძლევა, რომლის განმავლობაშიც ხარვეზი უნდა გამოასწოროს.

რაც შეეხება პარამეტრებს, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინსპექტირებისას ვერ აკმაყოფილებს, იორდანიშვილის თქმით, ესენია: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საქარე მინა, საბურავები და სამაგრები, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც გამონაბოლქვის სისტემაა.

რაც შეეხება ზოგადად ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს, 2018 წლის მონაცემებით, ინსპექტირებაზე გამოცხადდა 15 656 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 4 800 ერთეული გაუმართავი აღმოჩნდა; რაც შეეხება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემებს, ინსპექტირებაზე 11 495 ერთეული გამოცხადდა, აქედან 842 ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაუფიქსირდა ხარვეზი.