საადვოკატო ბიურო OK&CG განგიმარტავთ, რა არის ეკონომიკური საქმიანობა; რა საჭიროა საქმიანობის „ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“ დარეგისტრირება; რომელი საქმიანობის რეგისტრაციაა სავალდებულო და რომელი ნებაყოფლობითი და ა.შ.
ეკონომიკური საქმიანობის ცნება ყველა იმ საქმიანობას მოიცავს, რომელიც მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებისთვის ხორციელდება, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა.
ეკონომიკურ საქმიანობათა სახეები და ჩამონათვალი აღწერილია საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული. აღნიშნული კლასიფიკატორის თანახმად ეკონომიკური საქმიანობა არის პროცესი, რომლის საშუალებითაც პროდუქცია (საქონელი ან მომსახურება) მიიღება. ეკონომიკურ საქმიანობას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა გაერთიანებულია რესურსები (მოწყობილობები, სამუშაო ძალა, ტექნიკური საშუალებები, ნედლეული) კონკრეტული პროდუქციის შესაქმნელად.
სად შეიძლება მოვიძიოთ საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი?
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი შედგება 21 სექციისა და 99 განყოფილებისაგან. თითოეული მათგანი შეიცავს საქმიანობის სახეს, რომელსაც შეიძლება ახორციელებდეს მეწარმე სუბიექტი. აღნიშნული საქმიანობის სახეებია: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერის დამუშავება; დამამუშავებელი მრეწველობა;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; მშენებლობა; საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ტრანსპორტირება და დასაწყობება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; განათლება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები; ხელოვნება, გართობა, დასვენება; სხვა სახის მომსახურება; შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობები, არადიფერენცირებული საქონლის მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის; ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები.
რაც შეეხება რეესტრს, 2016 წლის 2 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის სისტემაში შეიქმნა ახალი რეესტრი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციას ახდენს.
რა არის ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის მიზანი?
ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ერთიანი საქმიანობის რეესტრის ფორმირება, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკური საქმიანობის ბაზრის კვლევას, ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვას და უზრუნველყოფს უტყუარი სტატისტიკის წარმოებას ქვეყანაში.
სავალდებულოა თუ არა მეწარმე სუბიექტმა თავისი საქმიანობა დაარეგისტრიროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში?
ეკონომიკურ საქმიანობათა სახეები ორ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობათა ის სახეები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და ნებაყოფლობითი საქმიანობათა სახეები, რომლის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის:
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები.
როგორ ხდება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია?
სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისთვის, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ, ასევე, საქმიანობის კონკრეტული სახეებისა და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა რეგისტრაციის მომენტიდან 1 წელია. ამ ვადის გასვლა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას იწვევს, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას არ წარმოადგენს. ამგვარი რეგულირება მიზნად ისახავს უზრუნველყოს მონაცემთა განახლება და რეგისტრირებული სუბიექტის მიერ რეალურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეესტრში ზუსტი, სანდო მონაცემების ასახვა მესამე პირებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით.