პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს მიხაილ რუსის შეხვდა. შეხვედრა ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელორუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბელორუსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორმხრივი ქართულ-ბელორუსული პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოში ლიფტების ამწყობი საწარმოს ამოქმედებას შეეხება. აღინიშნა, რომ პროექტის ამოქმედება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილიოვლიფტმაშის“ და მისი ქართველი პარტნიორის SIS Business Service-ის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ბიზნესურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.
„ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმის გამართვა, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღინიშნა, რომ ფორუმზე რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.