რას უპირებს თბილისის მერია მიკროავტობუსებს?

დედაქალაქის მერია თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის კონკრეტული გეგმის შემშავება-გაწერაზე მუშაობს.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამისთვის ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და შეთანხმებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.

მისივე ცნობით, გეგმაში გაწერილი იქნება, თუ რამდენი ავტობუსი უნდა ემსახურებოდეს დედაქალაქს, როგორ უნდა იყოს მათი ხაზები განაწილებული, ხედავს თუ არა ზოგადად მომსახურების ნაწილში მიკროავტობუსებს და ა.შ.

„ჩვენი დათვლებით, იმისთვის რომ მოქალაქეებს მიკროავტობუსების გარეშე გავუწიოთ მომსახურება, მინიმუმ 1 200 ერთეული ავტობუსი და დამატებით, რეზერვში მყოფი 400 ავტობუსია საჭირო, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ანუ გრძელვადიან პერიოდში, 5-6 წლის განმავლობაში ქალაქში მიკროავტობუსებს ისევ დავინახავთ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალი, MAN-ის ავტობუსების შემოყვანამ, მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაზარდა. ეს რაოდენობა კი მიკროავტობუსებს მოაკლდა. ამის გამო მათ გარკვეული ხაზების დამოკლება მოუწიათ და შესაძლოა, ზოგიერთი ხაზი გაუქმდეს კიდეც. შესაბამისად, თუ ახალ ავტობუსებს კონკურენციას ვერ გაუწევენ და მიკროავტობუსების განახლებაზე არ იფიქრეს, თვითონ გაუქმდებიან და მათთან ხელშეკრულების გაუქმებაც არ დაგვჭირდება,“-აღნიშნა მუმლაძემ.