2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, საქართველო-ბელორუსს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკაზე დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელორუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსმა ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 47 პროცენტით მოიმატა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება განვითარება.
დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრაზე აქცენტი ორმხრივი ბიზნესურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე გაკეთდა.
ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს დაგეგმილია საქართველო-ბელორუსის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.