„უძრავი ქონება გაძვირდება, თუმცა, რთულია იმის თქმა რამდენით მოიმატებს ფასები“

ბოლო პერიოდში სამშენებლო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები მუდმივად განხილვის საგანია.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად დავობენ იმაზე, თუ რა შედეგის მომტანი იქნება კოდექსში ცვლილებები და იქონიებს თუ არა იგი გავლენას სამშენებლო ბაზარზე ფასებთან მიმართებით.

საინტერესოა, რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან უძრავი ქონების ფასებს, იკვლევენ ბაზარს და ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე დაყრდნობით აანალიზებენ სამომავლო ცვლილებებს.

სამშენებლო კოდექსში განხორცილებული ცვლილებების შედეგად ფასების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ფასების ზრდა ან კლება, არამედ ის, რა შედეგიც ცვლილებამ უნდა დადოს.

„ბოლო პერიოდში სამშენებლო პროცესში ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა, რაც იმისგან მომდინარეობს, რომ არ გვაქვს შესაბამისი და ქმედითი სამართლებრივი სისტემა; მეორე პრობლემაა უხარისხო მშენებლობები, რომელიც აგრეთვე დასარეგულირებელია. ფაქტია, სამშენებლო კომპანიები საკუთარი „კეთილი ნებით“ მაღალ სტანდარტებს არ იცავენ და შესაბამისად, საჭიროა რეგულაციები, რომლებიც მათ დაავალდებულებს, მაქსიმალური სიზუსტით დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც მშენებლობის მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის არის საჭირო“,“-აღნიშნავს გუჯელაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ ფასების მოსალოდნელ ზრდას, მისი თქმით, სამშენებლო კოდექსის გამკაცრება უძრავი ქონების ფასზე აისახება, თუმცა, რამდენი პროცენტით მოიმატებს ამა თუ იმ ქონებაზე ფასი, ამის ვარაუდი რთულია.

„რეგულაციების გამკაცრება ბევრად მეტი ნებართვის მიღებასთან და მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. კომპანიები ვალდებულები იქნებიან, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები შეიძინონ, მაქსიმალურად დაიცვან იქ დასაქმებულთა უსაფრთხოება; შესაბამისად, მშენებლებს, რომლებსაც მათ დაცვას უკვე კანონი დაავალდებულებს, სამშენებლო სამუშაოების თვითღირებულება შედარებით მეტი დაუჯდებათ, ეს კი ავტომატურად უძრავი ქონების ფასზეც იმოქმედებს. ფაქტია, რომ ფასები მოიმატებს, თუმცა იმის თქმა, თუ რამდენით, შეუძლებელია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და შესაბამისად, წინასწარ ამის თქმა უბრალოდ ტყუილი იქნება,“-ამბობს გუჯელაშვილი.