BMW კვლევის ხარჯებს ელექტრიფიკაციის და ავტონომიზაციისკენ მიმართავს

თავის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა, BMW წერს, რომ წელს კვლევისა და განვითარების ხარჯებს 7 მილიარდ ევრომდე გაზრდის და ძირითად სამუშაოებს ელექტრული და ავტონომური ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით შეასრულებს. ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც 2025 წლამდე 25 ელექტრიფიცირებული ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს.

მიუნხენში ბაზირებული კომპანია, რომლის ჯგუფიც საკუთრივ BMW-ს გარდა, „როლს-როისს“ და „მინისაც“ აერთიანებს, წელს შემოსავლის სახით, 10 მილიარდი ევროს გეგმავს, რაც დაახლოებით შარშანდელი მოგების ტოლია. ამასთან, გერმანული კომპანია შიშობს, რომ მისი მოგება შესაძლოა, გარე ფაქტორებმა შეამციროს, როგორებიცაა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაში წარმოქმნილი სირთულეები და ბრექსიტი.

BMW ამჟამად კვლევასა და განვითარებაზე, გაყიდვებიდან მიღებული თანხის 6.5-7 პროცენტს ხარჯავს. არადა, ჩვეულებრივ, ეს მაჩვენებელი 5-5.5 პროცენტის ფარგლებში იყო.

გასული წლის შეჯამებული მონაცემებით, ბავარიული კომპანიის საოპერაციო მოგება 5.3 პროცენტით არის გაზრდილი, რაც მაღალი მარჟის მქონე, უგზობის მოდელების გაყიდვების მოცულობის ზრდის შედეგია. ამასთან, ბაზრის კვლევა მოწმობს, რომ მდიდრულ, მაღალფასიან ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

„საავტომობილო სეგმენტში ჩვენ გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებლებს ველით. ჩინეთში და შეერთებულ შტატებში მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, მიწოდება შემდგომშიც გაიზრდება“, - ამბობს BMW-ს ფინანსების შეფი ნიკოლას პეტერი და ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, ავტომობილების იმპორტზე სავაჭრო ბარიერების შექმნას, მისი კომპანიის ბიზნესის დაზარალება შეუძლია.

გარდა ამისა, BMW აცხადებს, რომ დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების აკრძალვებს (რასაც ევროპის არაერთი დიდი ქალაქი აპირებს) ახალი ავტომობილების მეორადი ღირებულების შემცირება შეუძლია, რაც ასევე აზარალებს ბიზნესს.