„აგარის შაქრის კომპანია“ შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბოლო პერიოდში შპს „აგარის შაქრის კომპანიის“ წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან გავრცელდა მუქარის შემცველი რამდენიმე ვიდეო მიმართვა, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში შპს „აგარის შაქრის კომპანიის“ წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან გავრცელდა მუქარის შემცველი რამდენიმე ვიდეო მიმართვა, ასევე დაფიქსირდა კომპანიის ქარხანასთან საფრთხის შემცველი ქმედებები, რის საფუძველზეც „აგარის შაქრის კომპანიამ“ სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ოფიციალურად მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

იქიდან გამომდინარე, რომ მუქარის შემცველი გზავნილები კომპანიის მიმართ არ წყდება, მდგომარეობის გამწვავების თავიდან აცილებისთვის, ასევე საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისთვის და საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის საკუთრების ხელყოფის სავარაუდო სამართლებრივი შედეგების შესახებ აქცენტირებისთვის „აგარის შაქრის კომპანიამ“ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაგზავნილი დოკუმენტის გასაჯაროვება. წერილს გთავაზობთ უცვლელად:

”მიმართვა საპატრულო-სახანძრო დახმარების აღმოჩენის შესახებ გაცნობებთ, რომ 2017 წლის 01 ნოემბრიდან აგარის შაქრის კომპანიის ქარხანა არის კონსერვაციაზე, რის გამოც კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები.

ბოლო 3 (სამი) კვირის განმავლობაში ყოფილი დასაქმებულები ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ მართავენ სადღეღამისო დემონსტრაციულ აქციებს და ავრცელებენ მოთხოვნის შემცველი შინაარსის მუქარებს. იყო შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეები ქარხანაში და ქარხნის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შესვლას უბლოკავდნენ კომპანიის არსებულ თანამშრომლებს, გარდა ამისა, ქარხნის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამუდმებით ანთია ცეცხლის კოცონი, რამაც შესაძლოა გაუფრთხილებლად თუ განზრახ სამომავლოდ გამოიწვიოს რაიმე სახის ზიანი როგორც ქარხნისთვის, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიისთვის.

2018 წლის 18 მარტს სამაუწყებლო კომპანია იბერია ტვ-ს ეთერში გადაცემა „X-ზონაში“ გავიდა გადაცემა, სადაც ნათლად იკვეთება ყოფილი თანამშრომლების პოზიცია და მათი მოთხოვნის შემცველი მუქარები, მათ შორის მუქარა გამოიხატება მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელისათვის საკუთრების უფლების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობის აღკვეთაში, კერძოდ მათ გააჟღერეს რომ გარდა ქარხნის ამუშავების მიზნისა, სხვა მიზნით მოსულ ინვესტორს თუ ახლანდელ მფლობელს ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, მოაწყობენ სასაწყობე-მეურნეობის ბლოკადას და არავის მისცემენ უფლებას ისარგებლოს ქარხნის ტერიტორიით, ამასთან ითხოვენ სამუშაოზე აღდგენას და ქარხნის ამუშავებას და აცხადებენ რომ თუ აღნიშნული შესაძლებლობა ქარხნის ახლანდელ მფლობელს არ გააჩნია, მაშინ ქარხანა სამართავად გადაეცეთ მათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს კანონიერი მფლობელისა და მესაკუთრის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის მოსალოდნელი საფრთხე, ამასთან ყურადსაღებია ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად დანთებული ცეცხლის კოცონი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აალება და ქარხნის ან/და მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა.

სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ აღმოგვიჩინოთ შესაბამისი დახმარება, კერძოდ აქციების მიმდინარე პერიოდში გააძლიეროთ პატრულირება ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოყოთ სათადარიგო სახანძრო მანქანა, ასევე გთხოვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერი მიმართვით აცნობონ ყოფილ დასაქმებულებს მათ მიერ კანონის დარღვევის ფაქტის შესახებ და განუმარტონ საკუთრების ხელყოფის სავარაუდო სამართლებრივი შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ თანდართული ფაილი