25 მარტს ავიაკომპანია Wizz air რიგიდან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

25 მარტს ავიაკომპანია Wizz air რიგიდან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე მიმართულება ემატება. წელს, პირველი ახალი რეისი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რიგიდან 25 მარტს, 11:05 საათზე შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

,,მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში რიგიდან სრულდება. რაც მთავარია, მაისიდან უკვე ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს“, - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.