წლის ბოლომდე ბანკების მოგებამ, შესაძლოა, მილიარდს მიაღწიოს.
მარტო თებერვალში ბანკების მოგებამ 90 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 21,5 მილიონი ლარით აღემატება იანვრის მონაცემებს, 6.2 მილიონი ლარით კი - შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში მინიმალური ზრდაა, ადგილობრივი წარმოება ჩიხშია და ნორმალურად ვერც ბიზნესი ვითარდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, ბანკების მოგებას, მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, არასაბანკო შემოსავლის ზრდაც განაპირობებს, რაც სტატისტიკითაც დასტურდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავალმა 300 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 238,5 მილიონი – საპროცენტო, 61,6 მილიონი ლარი კი არასაპროცენტო შემოსავალი იყო. წინა თვეში ბანკებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 5,6 მილიონი ლარი მიიღეს.
ფინანსისტების განცხადებით, გარკვეული გავლენა კომერციული ბანკების წმინდა მოგების გაზრდილ მაჩვენებელზე სავალუტო რყევამ მოახდინა, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გავლენაც.
როგორც არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თანადამფუძნებელი ირაკლი ბერძენაძე აცხადებს, ბანკები მოსახლეობის ხარჯზე აღწევენ მაქსიმალურ მოგებას, რასაც განსაკუთრებული რეაგირება სჭირდება.
"ბანკებს აქვთ არა მოგება, არამედ ზემოგება, რასაც განაპირობებს მრავალი ფაქტორი. პირველ რიგში, ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა საბანკო სექტორზეა ჩამოკიდებული და ასევეა მოსახლეობის უმრავლესობაც. ბანკებს აქვთ საკმაოდ კაბალური პირობები, რითაც საბოლოოდ მაქსიმალურ მოგებაზე გადიან.
თუ დავაკვირდებით, ყველაზე დიდი საპროცენტო ნაწილი მოდის ე. წ. არასაბანკო შემოსავალზე, როგორიცაა ჯარიმები, სავალუტო კონვერტაციები და საკომისიოები და სხვა. შესაბამისად, ბანკების მოგება იზრდება და ტენდენცია გაგრძელდება, რადგან მატულობს საპოცენტო განაკვეთები და ასევე სხვადასხვა ტიპის საკომისიოს მოცულობა.
გარდა ამისა, საქართვლეოში არის ფინანსური სასესხო პირამიდა. ადამიანი ერთი ორგანიზაციიდან აღებული სესხით მეორეს ფარავს. როგორც ვიცი, ეროვნული ბანკი უნდა ზრუნავდეს მომხმარებლის ინტერესების დაცვაზე, რაც აქ არ იკვეთება.
ნათელია, რომ საბანკო სისტემა კმაყოფილია ზემოგებით და მხოლოდ მოსახლეობაა უკმაყოფილო გაზრდილი წნეხითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ეჭვს არ იწვევს, რომ წლის ბოლოს მათი მოგება მილიარდს მიაღწევს, რაც სავსებით რეალურია. ბანკებმა შექმნეს სხვადასხვა სატელიტი კომპანია, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებენ კაპიტალდაბანდებას", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ და დასძინა, რომ გასაძლიერებელია რეგულაციები და ზედამხედველობა, რათა კომერციული ბანკების მოგება კიდევ უფრო გაიზარდოს.
"დღესდღეობით რეგულაცია საბანკო სექტორის მიმართ მხოლოდ ფურცელზე არსებობს. სინამდვილეში მეტად მომგებიანი ხდება მათი საქმიანობა, რაც საინვესტიციო კუთხით ქვეყანას არ წაადგება, რადგან ამგვარი ეკონომიკის პირობებში ინვესტორი საკუთარი თანხის დაბანდებას ნამდვილად არ მოისურვებს. რეალურად, ერთი დიდი სასესხო პორტფელია საქართველო, სხვა თითქმის არაფერი ხდება.
კაპიტალის ბაზარი ბანკებს ვერ უწევს კონკურენციას, რომელიც არათუ ვერ ვითარდება, არამედ არც არსებობს. ეს ვერ მოგვცემს ვერანაირ შედეგს, როცა ეკონომიკა განსავითარებელია და მცირე და საშუალო ბიზნესი კრიზისშია. ფაქტობრივად, აღარაფერი აღარ დარჩათ ასათვისებელი, მთელი ბიზნესი საბანკო სექტორის ხელში გადადის და ამ დროს ფასიანი ქაღალდების ბაზარი სულს ღაფავს", - აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.
სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ხედავენ, რამდენადაც სხვა ალტერნატივა არ ჩანს. ამ დროს მნიშვნელოვანია, ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ. ფინანსისტი დავით წიქარიძე "რეზონანსთან" პირდაპირ ამბობს, რომ საბანკო სექტორის გარდა, ქვეყანაში თითქმის არაფერი მუშაობს.
"ერთი საკითხია, რა მოგებაზე გასვლა შეუძლიათ ბანკებს, ხოლო მეორე – რა საშუალებას მისცემს მათ რეგულაცია და ეროვნული პოლიტიკა. სხვა სქეტორი, ფაქტობრივად, არ მუშაობს ქვეყანაში. ბანკები ამხელა მოგებაზე ყოველთვის ვიღაცის ხარჯზე გადიან, ეს კი მოსახლეობაა, რომელიც ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ბიზნესს მეტი შესაძლებლობა მიეცეს პირველ რიგში, საფონდო ბირჟის განვითარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რათა ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ. როცა ბანკები ასეთ მოგებაზე გადიან, ეს ადასტურებს, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში და მთავრობამ სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს", - აცხადებს ფინანსისტი.
ექსპერტი პაატა გურიელიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე ბანკებს ასეთი მოგება არ უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს და არც მსხვილ ბიზნესს ულხინს.
"ნამდვილად მიკვირს, რომ წყალწაღებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ბანკებს ასეულმილიონობით მოგება აქვთ. არ არსებობს არც ერთი დარგი და მიმართულება, რომელიც ასეთ მოგებაზე იმუშავებს. რაც მთავარია, ამ მოგებას საქართველოში ინაწილებს სულ 3-4 ბანკი. ისინი აკონტროლებენ ყველა ბიზნესს და სურთ, მთელი სექტორი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ამიტომაა, რომ ბანკების გარდა, გამართულად არაფერი მუშაობს.
მცირე და საშუალო ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანაში მსხვილ ბიზნესსაც უჭირს არსებობა. იმის ნაცვლად, რომ რეალურ სექტორს ეხმარებოდნენ, ბანკებს თვალი ზემოგებისკენ უჭირავთ. დიდძალი ფულადი სახსრების მიუხედავად, ეკონომიკისთვის სახეიროს ვერაფერს აკეთებენ", - განაცხადა გურიელიძემ.
არსებული მონაცემებით, საქართველოში 16 კომერციული ბანკია. მათგან სულ 4-5 ბანკი ქმნის ბაზარზე ამინდს და თამაშის წესებს განსაზღვრავს.
ფაქტობრივად, მთელი ფულადი რესურსიც მათ ხელშია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"