"2018-2022 წლებში, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება"

მნიშვნელოვანია, რომ 2018-2022 წლებში, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წელს საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

"წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ 5% შეადგინა. 2018 წელი საქართველოში შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდით დაიწყო. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის იანვარში ეკონომიკა 4.4 პროცენტით გაიზარდა, მთავრობის პროგნოზით 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა 2018-2022 წლებში რეგიონის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 4.9 პროცენტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული არაერთი რეფორმის შედეგად მოხდა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში ბიზნეს გარემოს შეფასების კუთხით.

"კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულ, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის საქართველო იკავებს მე-9 პოზიციას. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2018“-ის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 76.2-ს შეადგენს, რაც 180 ქვეყანას შორის 16-ე პოზიციას იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველო იკავებს მე-8 პოზიციას გადასახადების სიმცირის კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა. რეფორმის შედეგად მოგების გადასახადით დაბეგვრა ხორციელდება მოგების მიღების ნაცვლად მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმოები მოგების გადასახადს იხდიან მხოლოდ მიღებული მოგების განაწილების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად დამატებით დაახლოებით 500 მლნ ლარი დარჩა კერძო სექტორში რეინვესტირების მიზნით", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.