თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის დაასაქმოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დღეს „სითი პარკში“ პარკირების მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განაცხადა.
თუმცა, კობახიძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გარკვეული რესურსის მობილიზება დასჭირდება, მათ შორის ევაკუატორების შესაძენად.
„ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული რესურსის მობილიზება, როგორიცაა ევაკუატორების შესყიდვა, დასახაზი პარკინგების ტექნოლოგიების შესყიდვა, მანქანა-დანადგარების, მასალების შესყიდვა. „სითი პარკში“ 76-80 ადამიანამდე მუშაობს, ვინც უშუალოდ დადის ქალაქში დაჯარიმებებზე, თუმცა ჰყავთ კიდევ 30 ან 40 უშტატო თანამშრომელი. დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სითი პარკის“ კომპანიასთან, შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი გამოხატავს მზაობას და რამდენი მათგანის მიღება მოხდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს კვლევა, თუ რა ოდენობის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკის შესყიდვა.