ისტორიული კაფის „ლაღიძის წყლების“ ყოფილი მფლობელებისთვის, მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებისთვის დაბრუნების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
აქამდე დედაქალაქის მერია ახლანდელ მფლობელებთან კონსულტაციებს მართავდა. თუმცა როგორც მიტროფანე ლაღიძის შვილთაშვილმა თინათინ ლაღიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მოლაპარაკებები ყოფილ მფლობელებთანაც დაიწყო.
მისი ინფორმაციით, ლაღიძეების ოჯახის წევრები დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა საუბარი მხოლოდ ზოგად საკითხს შეეხო. თუ რა ფორმით დაუბრუნდება მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებს კუთვნილი ტერიტორია, ეს ჯერჯერობით უცნობია.
„ჩემი ოჯახის წევრები შეხვდნენ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს. ვიცი, რომ მერიის მხრიდან შეხვედრები იყო ახლანდელ მფლობელებთანაც. იმედია, ახლო მომავალში გაირკვევა და ჩვენც გვეცოდინება გადაწყვეტილების შესახებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, შეხვედრაზე, დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. არ ვიცით, ქონების დაბრუნება როგორ და რა ფორმით მოხდება. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ქონება არ გაგვიყიდია. ეს მოხდა მოტყუებით. მიტროფანე ლაღიძეს კომუნისტებმა ქონება ჩამოართვეს. ამის შემდეგ მუდამ სახელმწიფოს მფლობელობაში იყო. შემდეგ უკვე „ლაღიძის წყლების“ ძველი ტერიტორია 2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. ყველა ხელისუფლების დროს ვითხოვდით დაბრუნებას. იყო მხოლოდ დაპირებები. ახლა კი ვნახოთ, რა მოხდება. მერიის შემდგომ ნაბიჯს ველოდებით“, - აღნიშნავს თინათინ ლაღიძე.
მისივე თქმით, ქონების დაბრუნების შემთხვევაში, მიტროფანე ლაღიძის ოჯახი აპირებს, რომ ტერიტორია ტურისტებისა და მოქალაქეებისთვის საინტერესო ადგილად აქციოს.
„თუკი პროცესი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და ობიექტი წარმატებით დაგვიბრუნდება, კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, რას გავაკეთებთ. თუმცა ყველაფერი თავიდან იქნება მოსაფიქრებელ-გადასაწყვეტი. საბოლოოდ, ეს იქნება სასიამოვნო ადგილი მოქალაქეების და ტურისტებისთვის, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა“, - განმარტავს ლაღიძე.
რაც შეეხება დედაქალაქის მერიას, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყების პრესამსახურში განუცხადეს, კონსულტაციები ყოფილ და ახლანდელ მფლობელებთან მიმდინარეობს. ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუ რა ფორმით მოხდება მიტროფანე ლაღიძის ოჯახისთვის ქონების დაბრუნება.
რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში კაფე „ლაღიძის წყლები“ იყო განლაგებული, ამჟამად შპს ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიას საკუთრებაშია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული. მისი მესაკუთრეები არიან: შპს ვი-ტი კომპანი - 25%-იანი წილით; ლინკოლნ მენეჯმენტ კორპ.ბელიზი - 75%-იანი წილით. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვია.
კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული.
რაც შეეხება ლაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის საკითხს, ამის სურვილი რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა.
„ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ, - განაცხადა მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა.
შემდგომში დედაქალაქს მერმა განაცხადა, რომ პრემიერის დავალებას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით მიიღებდა და თბილისს ამ ღირსშესანიშნავ ადგილს დაუბრუნებდა.
თეონა კენჭიაშვილი