“საპარტნიორო ფონდსა“ და ბელორუსის უმსხვილეს კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

“საპარტნიორო ფონდსა“ და ბელორუსის რესპუბლიკის უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურმა დირექტორმა გენადი მიცკევიჩმა მოაწერეს. „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბლექსიმგარანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა.

როგორც “საპარტნიორო ფონდში“ განმარტავენ, ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მხარეების მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

მათივე ცნობით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი “საპარტნიორო ფონდსა“ და “ბელექსიმგარანტს“ შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაცვლას, ასევე, რეგიონებში და საერთო ინტერესების სექტორებში ბაზრების სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებას მოიცავს. მემორანდუმის მიხედვით მხარეების მიზანი ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური განვითარება იქნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მორიგი მემრანდუმი დღეს “საპარტნიორო ფონდსა“ და “ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში გაფორმდება.

“მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგენელიძე და “ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორი სერგეი რუმასი მოაწერს.

ცნობისთვის, “საპარტნიორო ფონდი“ მემორანდუმებს თბილისის “მინსკის დღეების“ ფარგლებში აფორმებს. “მინსკის დღეები“ საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.