ფედრეზერვმა დოლარის განაკვეთი 0.25 პროცენტით გაზარდა

შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სისტემამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტით ასწია, რის შემდეგაც დოლარის საბაზისო განაკვეთი 1.5-1.75 პროცენტის დიაპაზონში მოექცა.

ბაზარი ამას ელოდა და ამის გამო, სავალუტო ბაზარზე დიდი რყევები არ მომხდარა.

ეს იყო ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის პირველი სხდომა, რომელსაც ფედრეზერვის ახალმა თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა უხელმძღვანელა. ამჯერად მთავარი განაკვეთის აწევა არ ყოფილა - ინვესტორებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი თავიანთ გარიგებებში მანამდეც ჰქონდათ ასახული. მათ უფრო ის აინტერესებდათ, აპირებს თუ არა ფედრეზერვი მონტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესის დაჩქარებას, ანუ წელს განაკვეთის სამის ნაცვლად, ოთხჯერ აწევას.

ამ მხრივ, ფედრეზერვის ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ გამართულ პაუელის პრესკონფერენციას, სიახლე პრაქტიკულად, არ შემოუთავაზებია. ცენტრალური ბანკის ახალმა შეფმა დაადასტურა ადრე მის მიერვე ნათქვამი, რომ ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის ადრე გამოცხადებულ ტემპს შეინარჩუნებს. საერთო ჯამში, მისი გამოსვლა იყო ნეიტრალური, რამაც ბაზარი გაწბილებულიც კი დატოვა.

სხვა საკითხებთან ერთად, პაუელი აშშ-ის ახალ სავაჭრო პოლიტიკასაც შეეხო და ის შეაფასა, როგორც ამერიკის ეკონომიკისთვის რისკ ფაქტორი. მაგრამ მისივე თქმით, ეს უმნიშვნელო რისკია და მას ეკონომიკასთან დაკავშირებული ზოგადი პროგნოზების შეცვლა არ შეუძლია. პაუელი ამბობს, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით განვითარებას გააგრძელებს. ამის მთავარი საფუძველი კი შრომის დადებითი სტატისტიკაა, რომელიც კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„ბოლო ათ წელიწადში განაკვეთი ყველაზე მაღალია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკონომიკა ბოლო ათ წელიწდში ასეთი ტემპით პირველად იზრდება“, - ამბობს პაუელი. მანვე განცხადა, რომ აპირებს წელიწადში არა ოთხი, არამედ რვა პრესკონფერენციის ჩატარებას. თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბაზარმა ეს განაკვეთის უფრო სწრაფი ტემპით აწევის წინაპირობად არ უნდა აღიქვას.