საქართველოს მთავრობის მიზანია, ჩვენი ქვეყანა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში ვაქციოთ რეგიონალურ ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებშიც, ხელი მოეწერა მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, ასევე, მოხდა ახალი ლოგისტიკური დერეფნის კონცეფციის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით.
მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.
„ბოლო წლებში, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში, ხდება მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ქიმიური მრეწველობის დარგში. ეს საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო გამტარუნარიანობა იმ ტვირთის მოსაზიდად, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება კასპიის ზღვის აუზში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნებში, როგორიცაა: თანამედროვე აბრეშუმის გზა, კასპიის ზღვის დაკავშირება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შავი ზღვის გავლით.
„ამასთან ერთად, ძალიან პოპულარული ხდება დერეფანი, რომელიც გულისხმობს სპარსეთის ყურის დაკავშირებას შავი ზღვის აუზთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ტენდენციებია, ტვირთის სტრუქტურის ცვლილების თვალსაზრისით, ვინაიდან მწარმოებელი ქვეყნები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ გადამუშავებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, გავითვალისწინოთ ახალი ტენდენციები და ჩვენი შავი ზღვის პორტებში განვავითაროთ სწორედ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბახტაძემ ხაზი გაუსვა კონსორციუმში ისეთი ძლიერი მოთამაშეების მონაწილეობის მნიშვნელობას, როგორიცაა: „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, კორპორაცია „Mitsubishi“ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტრეიდერული კომპანია Trammo AG.
„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ინფრასტუქტურის განვითარებისთვის, მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროქტი, ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ქუთაისში. ყველაფერი ერთად, ემსახურება მთავარ მიზანს - საქართველო გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რაც ბევრ დივიდენდს მოუტანს ქვეყანას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი ბუნებრივი ადგილმდებარეობა გვაძლევს ასეთი თამამი განაცხადის გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იმისა, რომ ინვესტიციები ხორციელდება პარალელურად, როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროებზე, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტსა და ბათუმის პორტში.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დერეფნის უპირატესობა, რათა პარალელურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის აუზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღნიშნული ინიციატივის დაწყებას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას იწყებს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით, რისთვისაც გეგმავს 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას.