სარფის საბაჟოზე 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, 40 კგ ოდენობის ოქროს და ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი ამოიღო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა განაცხადა, არადეკლარირებული თანხის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს. ფაქტზე დაკავებულია აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, რომელიც არადეკლალირებული საქონლის შემოტანას ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის არსებობის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული საქონელი ამოიღო - 40 კგ ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ”მერსედეს ბენცის” მარკის სამგზავრო ავტობუსში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ”სარფის” გავლით ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის - 36 კგ ოქროს და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვარფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით”, - განაცხადა ფანოზიშვილმა.