სისხლიანი ბიზნესგარჩევის რაოდენობა ბოლო წლებში საოცრად მომატებულია, მიზეზი კი პრობლემების სამართლებრივი გზით მოუგვარებლობაა.
სწორედ სასამართლო სისტემის მოუწესრიგებლობის შედეგად საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დავა უსაშველოდ იჭიმება და ბოლოს სავალალოდ სრულდება.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იურისტებს მიაჩნიათ, რომ თუკი სასამართლო სისტემა არ იქნება კორუფციული და დავების სწორად წარმართვას შეძლებს, ფატალური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად დაიკლებს.
რამდენიმე დღის წინ ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მოწილე ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ბიზნესუთანხმოებაა.
საკმაოდ გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის იანვარშიც მოხდა, როდესაც რუსთავში მდებარე "სტამბულის ბაზრის" ერთ-ერთი მფლობელი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მოტივი აქაც უცნობია და ჯერაც ვერ გარკვეულა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მკვლელობის მიზეზი ბიზნესწილებთან დაკავშირებული საკითხებია.
ამავე მოტივით მოხდა მკვლელობა გორში 2017 წლის იანვარში. ქალაქის ცენტრში ბიზნესმენი გუგამ გოგიჩაიშვილი ჩაცხრილეს. მოკლულის ძმა ბორია გოგიჩაიშვილი გორში გავლენიანი პირია, საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს. ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის მეორე შემთხვევაა - უფრო ადრე კიდევ ერთი ძმა მოკლეს.
ერთი წლის წინ აბანოთუბანში ებრაელი ბიზნესმენი მოკლეს. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი, იგი თავდამსხმელებმა ჩაქუჩით გამოასალმეს სიცოცხლეს.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 2016 წლის ივლისშიც, როდესაც ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დავითაძის ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია. ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად მიიჩნეოდა, ასლან აბაშიძის დროიდან არაერთ ბიზნესს ფლობდა.
ეს შემთხვევები ნათლად მიუთითებს ქვეყანაში სასამართლო სისტემის მოუწესრიგებლობაზე. როდესაც ბიზნესგარჩევები სასტიკი ფორმით მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს დაკარგული აქვთ სამართლებრივი გზით ბრძოლის სურვილი და იმედი. შესაბამისი ინსტიტუტებისადმი უნდობლობა არის ის საბაბი, რომელიც განაპირობებს სისხლიან დაპირისპირებას.
სამართლის სფეროს სპეციალისტ ლევან ალაფიშვილს მიაჩნია, რომ თუ მსგავსი ფაქტების შემცირება გვინდა, სასამართლო სისტემა აუცილებლად უნდა ამუშავდეს გამართულად. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი სისხლიანი გარჩევების ეტაპი ამ ქვეყანაში.
"თუ სასამართლო სისტემა არ იქნება კორუფციული და დავების სწორად წარმართვას შეძლებს, მსგავსი საზარელი ფაქტები მკვეთრად შემცირდება.
2012 წელს გაცემული დაპირება სამართლიანობის აღდგენისა და ე. წ. დაჩაგრული ბიზნესებისთვის ქონების დაბრუნების შესახებ უკვალოდ არ ჩაივლიდა. ამის დასტურია არაერთი მიმართვა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოებში. იმ ათობით ათასი განცხადებიდან ორი ასეული განცხადების დაკმაყოფილება ვერ იქნებოდა მოსახლეობის მხრიდან აღქმული, როგორც სამართლიანობა. გაჩნდა ცრუ მოლოდინი, რომელიც დღემდე არსებობს. ახლა ხელისუფლება ცდილობს, დღის წესრიგში აღარ იყოს ეს თემა, მაგრამ მაინც არის.
შესაბამისი ინსტიტუტებისადმი გადაჭარბებული მოლოდინი და მათი უმოქმედობა არის ის მიზეზი, რომელიც განაპირობებს სისხლიან დაპირისპირებას. ჯერ კიდევ სანამ დროა, ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, ამ ყველაფრის დასაწყისი საიდან მოდის, რომელი სისტემაა გასამართი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მსგავსი სისხლიანი გარჩევების ეტაპი ამ ქვეყანაში. ეს არ არის ადვილად გადასაჭრელი, მაგრამ დემოკრატიული გზით, შესაძლოა, პრობლემის მოგვარება", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.
მოკლული ბიზნესმენების საკითხს ეხმაურება ნავთობპროდუქტების კომპანია "მაგნატი 2006"-ის დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე. როდესაც ერთი მხარე ვერაფრით ახერხებს სამართლებრივი გზით თავისი უფლებების დაცვასა და აღდგენას, სამწუხაროდ, მიმართავს უკიდურეს ზომას, რაც დაუშვებელია.
"ამ ბოლო დროს ნამდვილად გახშირდა ბიზნესმენების მკლელობის შემთხვევები. არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი, მაგრამ ზოგადად რომ ვისაუბროთ, არსად არაფერი ხდება უმიზეზოდ. ფიზიკის კანონია - ქმედებას ახლავს უკუქმედება. ალბათ ასეც არის, ვიღაცამ სასამართლოს მიმართა, მრავალი წლის განმავლობაში იქედან არაფერი გამოვიდა, ვერ მოახერხა სამართლებრივი გზით თავისი უფლებების დაცვა და აღდგენა. სამწუხაროდ, ბოლოს ნერვებმა უღალატა და მიმართა უკიდურეს ზომას.
მეც მაქვს პრობლემა, სასამართლომ ვერ გადამიწყვიტა დავა. 15-მდე სარჩელი მაქვს სხვადასხვა პიროვნებასთან და საგადასახადო სამსახურთან და ა. შ. რადგან ამ გზით ჩემი პრობლემა არ გვარდება, წავიდე და ეს ხალხი დავხოცო? ასეთი რამ ადამიანმა გულშიც არ უნდა გაივლოს, მაგრამ სისხლიანი დაპირისპირება რომ გახშირდა, აშკარა და ყველასთვის შესამჩნევია", - განუცხადა "რეზონანსს" ლეონიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"