საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი „ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკთან“ გააფორმა.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძისა და „ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორი სერგეი რუმასის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერებაა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და ბელორუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას, სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ბელორუსულმა და ქართულმა მხარეებმა რამდენიმე მემორანდუმი გააფორმეს.
ამავე დღეს, ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდმა“ კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბელორუსის რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურ დირექტორ გენადი მიცკევიჩთან ერთად, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.