საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში უკვე 2 ათეულ წელზე მეტია საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის თითქმის ყველა უბანში შენდება კორპუსები, ნაწილი არის პრემიუმ-კლასის, ნაწილი კი ეკონომ-კლასის. როგორც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, დედაქალაქში ძირითადად ე.წ. სტუდიოს ტიპის, ასევე, ერთოთახიანი და მცირე ფართის ბინები იყიდება. ასეთ ტენდენციას კი დეველოპერები მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას უკავშირებენ.
დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგა ტალახაძის თქმით, თბილისში მშენებარე ბინებზე საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა ქართველი ემიგრანტების მხრიდან, თუმცა იმის გამო, რომ მათ სტაბილური შემოსავალი და თანაც, ოფიციალურად არ უფიქსირდებათ, მათ კომერციული ბანკები სესხს არ აძლევენ.
„ქართველი ემიგრანტების მხრიდან ბინის ყიდვაზე მოთხოვნა დიდია. თუმცა სტაბილური შემოსავალი არ უფიქსირდებათ, რის გამოც ბანკები სესხს არ აძლევენ. შესაბამისად, ბინის ყიდვა უჭირთ. ჩვენც გვიჭირს, რომ მათ ისეთი პროცენტები მოვარგოთ, რომელიც მათთვის მოსახერხებელი იქნება. უმეტესად ემიგრანტები ეკონომ-კლასის ბინებს ყიდულობენ“, - აცხადებს გოგა ტალახაძე.
მისივე თქმით, ძირითადად თბილისში ბინები გარეუბნებში, გლდანსა და ვარკეთილში იყიდება და უმეტესად ეკონომ-კლასის - ერთ ან ოროთახიან ბინებს ყიდულობენ.
ტალახაძის თქმითვე: „უცხოელები თბილისში ბინებს ნაკლებად ყიდულობენ. ისინი მყიდველთა დაახლოებით 5%-ს შეადგენენ. უცხოელებიდან უმეტესად ბინებს ირანელები ყიდულობენ, თუმცა მათ გარეუბნები და დაბალფასიანი ბინები აინტერესებთ“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგა ტალახაძე.
სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელიც აცხადებს, რომ დედაქალაქში უმეტესად პატარა ზომის ბინებს, ერთოთახიანებს, ე.წ. სტუდიოს ტიპის ბინებს ყიდულობენ: „მყიდველთა 50% ასეთი ტიპის ბინებს ყიდულობს, 30% - საშუალო ფართის ბინებს - ოროთახიანებს. 10-20% კი სამ და მეტოთახიან, შედარებით დიდი ფართის მქონე ბინებს ყიდულობს“.
მისი თქმით, თბილისში ბინის მყიდველთა გარკვეულ რაოდენობას ემიგრანტები შეადგენენ.
„ძირითადად თბილისში ბინებს ქართველები ყიდულობენ. აქედან 20-25% ქართველი ემიგრანტები არიან. ემიგრანტებს ერთნაირად აინტერესებთ როგორც ცენტრალური, ასევე გარეუბნები. რაც შეეხებათ უცხოელებს, ისინი ნაკლებად ყიდულობენ. თბილისში უძრავ ქონებაზე ირანელების მხრიდან დიდი დაინტერესებაა, თუმცა ისინი უფრო სამშენებლო სფეროში ერთვებიან. ბინებს აშენებენ და ბიზნესს თავადვე აწარმოებენ“, - აღნიშნავს ჯაყელი.
მისივე თქმით, მოთხოვნა ქალაქის გარეუბნებზეა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბინის შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდოს.
„აქამდე მოთხოვნა უფრო პერიფერიებზე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სამშენებლო სფეროში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა, ზოგიც მომავალში ამოქმედდება. ამის ფონზე ცენტრალურ ნაწილში ბევრი მშენებლობა ვეღარ იქნება. გარდა ამისა, პრესტიჟულ უბნებში ფიზიკურად ადგილი აღარაა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში არის მოლოდინი, რომ ცენტრალურ უბნებში ბინებზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს არჩილ ჯაყელი.
კიდევ ერთი დეველოპერული კომპანია „რედკოს” იურისტი მალხაზ კუნელაური კი აღნიშნავს, რომ დედაქალაქში დაბალფასიან ბინებზე მოთხოვნა დიდია.
„საკურორტო ზონებისგან განსხვავებით, თბილისში ადამიანები ბინებს ყიდულობენ არა კომფორტისთვის, არამედ უმეტესად აუცილებელი საჭიროებისთვის. მათი მხრიდან მოთხოვნა შედარებით დაბალფასიან ბინებზეა. თბილისში ბინებს ძირითადად ის ადამიანები ყიდულობენ, ვისაც საქარველოში მუდმივი ცხოვრების ინტერესი აქვს. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივები არიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი ნაკლებია. მცირედ, მაგრამ დაინტერესება არის აზერბაიჯანელების, ირანელები, უკრაინელების მხრიდან“, - აცხადებს კუნელაური.
თეონა კენჭიაშვილი