შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკა“ გაკოტრებულად გამოცხადდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაშია ნათქვამი.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკა” გაკოტრებულად გამოცხადდა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია გაუუქმდა.
„2018 წლის 22 იანვარს შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” წარმომადგენელმა ზურაბ კივილაძემ პოლიკლინიკის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს. განმცხადებლის მითითებით, პოლიკლინიკას ჰქონდა 2000 ლარის ოდენობის დავალიანება, რომელსაც ვერ ასრულებს. 22 იანვრის მდგომარეობით საწარმოს საბანკო ანგარიში დახურულია და სალაროში თანხა არ ირიცხება. ამასთან, არ გააჩნდა უძრავი ან მოძრავი ქონება, ანდა წილები სხვა კომპანიებში და სხვა მსგავსი ქონება. ასევე არ ჰქონდა, ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე და არ წარმოადგენდა არცერთი საზოგადოების წილობრივ მონაწილეს/პარტნიორს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით, შპს „თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის” განცხადება სასამართლოს წარმოებაში არ იქნა მიღებული, ვინაიდან არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის პოლიკლინიკის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის,“-ნათქვამია განჩინებაში.
რეესტრის 2015 წლის ამონაწერით, პოლიკლინას, რომელიც ისანი-სამგორის რაიონში მდებარეობს, 54-მდე მეწილე ჰყავს.