თბილისის პირველი ქუჩები და უბნები

როგორი იყო თბილისი საუკუნეების წინ, რა საზღვრებში იყო მოქცეული, როგორ გაჩნდაჩვენს დედაქალაქში პირველი ქუჩა თუ უბანი, ეს თემები ჩვენს მკითხველს ყოველთვის აინტერესებს და ყოველთვის სიამოვნებით ეცნობა სტატიებს. ამიტომ, ახლაც მათი თხოვნით, "თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარესთან, ცირა ელისაშვილთან ერთად, თბილისზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ თემას, როგორ და როდის მოხდა ქალაქის ქუჩებად დაყოფა, რომელია თბილისის პირველი ქუჩები.

- პირველი ქუჩები თბილისში იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ ქალაქს საერთოდ ჩაეყარა საფუძველი, აბანოთუბნის ტერიტორიაზე. ეს ქუჩებია - აბანოს და სამღერბროსი. ფაქტობრივად, ისინი არაგეგმიურადაა დაპროექტებული და პირველი ღერძია, რომელიც ურბანული თვალსაზრისით, თბილისში წარმოიქმნა. ვინაიდან თბილისი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტერიტორიას ითვისებდა, ცოტა ძნელია ამ თვალსაზრისით, მყარად ხაზების გავლება, მაგრამ უბნებიდან ვიცით, რომ პირველი იყო "კალა", "სეიდაბადი". ამას ისტორიული რუკებიც გვიდასტურებს. უბნები იყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზეც და ეს გახლდათ ე.წ. ისნი, ანუ ავლაბარი, რასაც შემდეგ სოლოლაკი, ვერა, ვაკე, საბურთალო მოჰყვა.

არსებობს ერეკლეს პერიოდის საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც "თბილისური გამწესება" ჰქვია, სადაც წერია როგორი შენობები უნდა აშენებულიყო. "თბილისური განწესება" მოქალაქეთა სურვილების მარეგულირებელი დოკუმენტია (დღევანდელი გაგებით, ერეკლესდროინდელი კანონი), რომელიც ძალიან ქმედითი იყო, რადგან პირდაპირ ეწერა, რომ თუ აივანი, რაიმე სახით მეზობლის ტერიტორიაზე იქნებოდა გადასული, ასეთი აივნის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო.

მეფის რუსეთის პერიოდში უკვე გეგმიური განაშენიანების თემა შემოვიდა და პირველი მაგისტრალური ხაზები გავიდა - მარჯვენა სანაპიროზე მაშინდელი გოლოვინის (რუსთაველი), მარცხენაზე - მაშინდელი მიხეილის (აღმაშენებლის) გამზირი და ამის პარალელური უჯრედოვანი განშლები. ეს სქემა დღემდე შენარჩუნებულია, ვინაიდან ვამბობთ, რომ ის არქიტექტურა, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის ტერიტორიაზეა, ძირითადად, ძველია და ამას თავის მიზეზი აქვს.

- რას გულისხმობთ?

- თბილისის ბოლო დარბევა 1795 წელს, კრწანისის ომის დროს მოხდა, ქალაქი სრულად განადგურდა და შემდგომ ქალაქის მშენებლობა მეფის რუსეთისდროინდელ შენებას, ე.წ. ევროპული სტილის შემოსვლას დაემთხვა. მიუხედავად ამისა, მაინც ვამბობთ, რომ შუასაუკუნებრივი ქუჩათა ქსელი თბილისში შენარჩუნებულია.

- მართლაც, ქალაქის ცენტრალური და ძველი ქუჩები სიგანეში არ არის გაზრდილი...

- ეს ვერც მოხდებოდა, მაშინ არსებული განაშენიანება უნდა აღებულიყო. კონკრეტულ ადგილებზე საბჭოთა პერიოდში თბლისის გენგეგმის ფარგლებში არ მოხდა შენობათა აღება. მაგალითად, მარჯანიშვილის ქუჩას თუ განვიხილავთ, ქუჩის ერთი ნაწილი, რომელიც მოედანზე გადის, ხელოვნურად გადიდებულია, ისევე როგორ კოსტავას ქუჩა, რომელიც ზემელს უერთდება. ისიც გადიდებულია იმ პასაჟის სახით, პირველი სართულის ხარჯზე, შენობების ქვეშ, გასასვლელის სახით რომ გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მაინც XIX საუკუნის ქალაქია, მაინც ვამბობთ, რომ აქ შუასაუკუნებრივი ქუჩათა ქსელი არსებობს, ამას იმით ვადასტურებთ, რომ კრწანისის ომის დროს დაინგრა ის, რაც მიწის ზემოთ იყო და დარჩა სარდაფები. როდესაც ახალი თბილისის აგება დაიწყო, XIX საუკუნის დასაწყისიდან სწორედ ის გადარჩენილი სარდაფები გამოიყენეს და მასზე ახალი სახლები დააყრდნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნაგებობები, არსებულ ქუჩათა ქსელს მიჰყვებოდა. სწორედ ამიტომ არის შენარჩუნებული შუასაუკუნებრივი ქუჩათა ქსელი, ეს განსაკუთრებით კალას უბანს ეხება, ასევე აბანოთუბანს.

გაგრძელება იხილეთ