„ნისანი“ ელექტრომობილების ძველი ელემენტებით ქუჩებს გაანათებს

ელექტრომობილები ნულოვანი გამონაბოლქვით კი გამოირჩევა, მაგრამ მათთან ერთი პრობლემა მაინც არის დაკავშირებული.

ეს არის იმ ელემენტების ბლოკების უტილიზაცია, რომლებმაც უკვე ამოწურეს საექსპლუატაციო რესურსი და შეცვლას საჭიროებენ. „ნისანმა“, რომელიც ელექტრომობილების ბაზრის მსოფლიო ლიდერია, ამ პრობლემის მოგვარების ორიგინალური ხერხი მოიფიქრა.

კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის, „ნისან ლიფის“ ძველ ელემენტებს, ქუჩის განათების სისტემაში გამოიყენებენ. იაპონურმა კომპანიამ, თავის შვილობილ „4R ენერჯი კორპორეიშენთან“ ერთად, შეიმუშავა პროექტი „რებორნ ლაით“, რომელსაც პირველად 2011 წლის მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაზარალებულ დასახლება ნამიეს აღდგენის პროგრამის ფარგლებში გამოიყენებენ.

ამისათვის შეიმუშავეს ქუჩის განათების ახალი ტიპი, რომელიც საერთო ქსელში არ ჩაერთვება. ისინი აღჭურვილია მზის ელემენტებით, რომლებიც დღის განმავლოიბაში, მზის შუქის გადამუშავებით მიღებლ ელექტრო ენერგიას, სწორედ „ნისან ლიფის“ ძველ ელემენტების ბლოკებში შეინახავენ. ამგვარად, ეს ბლოკები კიდევ დიდი ხნით გააგრძელებენ სასარგებლო მუშაობას.

განათების სისტემის სატესტო პროტოტიპის პირველი გამოცდა 26 მარტს ჩატარდება. ქუჩებში სისტემის დამონტაჟებას კი აპრილში დაიწყებენ.