პიტნიანი, ხმელი და თაფლში შენახული სულგუნი - ბაზარზე ყველის ახალი სახეობა გამოჩნდა

ბაზარზე სულგუნის ყველის ახალი ნაირსახეობა გამოჩნდა. კომპანია თელეთი „სენე“, რომელიც ქართული ყველის მივიწყებულ და ტრადიციულ სახეობებზე უკვე ერთი წელია მუშაობს, ამჟამად მომხმარებელს ყველის 5 ახალ სახეობას სთავაზობს.

კერძოდ, ესენია: პიტნიანი სულგუნი (გებჟალაის არომატით), ხმელი სულგუნი - ცვილში შენახული, ხმელი სულგუნი, სანთელში შენახული, ხმელი სულგუნი - ღვინოში შენახული და სულგუნის ქისა - სვანური ტექნოლოგიით.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია თელეთი „სენეს“ დამფუძნებელ-დირექტორმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განაცხადა, ახალი პროდუქტი ბაზარზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

„ჩვენი კომპანია ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ მხოლოდ ექსკლუზიურ სახეობებს აკეთებდა. ეს მასიური მოხმარებისთვის გათვლილი არ იყო. ამ კონცეფციისთვის არ გადაგვიხვევია, მაგრამ ახალი სახეობები დავამატეთ.

თანამედროვე დიზაინის გათვალისწინებით, მეგრულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით სულგუნის რამდენიმე სახეობა გამოვუშვით. ერთი ცვილშია გამოყვანილი, ასევე ტრადიციული ხერხია თაფლსა და ღვინოში დამუშავებული ყველი. ამას ემატება დავარგებისა და შენახვის ტექნოლოგია. ასევე გავაკეთეთ ქისის ფორმის ყველი სვანური მეთოდით. ყველაფერი შევფუთეთ, როგორც ამას სურსათის უვნებლობა მოითხოვს, გავუკეთეთ ეტიკეტირება და შესაბამისი ინფორმაცია დავატანეთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, შიდა დაკვირვებით ამ ყველის შენახვის ვადა სამი თვეა, თუმცა 6 თვემდეც ძლებს. ამ დროს, ყველი მაგრდება და მსუბუქ თეთრ ობს იდებს, რაც მისთვის ბუნებრივად დამახასიათებელია.

„მომხმარებლისგან მივიღებთ ნებისმიერი სახის შენიშვნებს, რათა მათი გემოვნება გავითვლისწინოთ. გამოშვებამდე ჩვენ ამ ყველს ვტესტავდით. მომხმარებლებში ის უკვე პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ გვაქვს შედარებით ძვირად ღირებული ყველი და მაგათთან შედარებით ეს უფრო ხელმისაწვდომია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, რა ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, დავიწყებული გემოების გახსენებაა, ამიტომაც ცოტა გაგვიჭირდება ალბათ ბაზარზე დამკვიდრება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოტევას გავუძლოთ.“ - აღნიშნა მან.

ამჟამად ყველი იყიდება „გუდვილში“, „ნიკორაში“, „ფრესკოსა“ და „ყველის სახლში“. კომპანიაში აცხადებენ, რომ როგორც კი მოთხოვნა გაიზრდება, პროდუქციას რეგიონებშიც გაიტანენ. ბაზარზე ყველის გასაყიდი ფასი 18-დან 22 ლარამდე მერყეობს.

ლიკა ამირაშვილი