თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-სთან გვირაბისა და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე ტენდერი ახლიდან, უკვე მესამედ გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 აპრილს იწყება და 5 აპრილს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 70 800 ლარია.
„გვირაბი ერთმანეთთან აკავშირებს მიხეილ ჯავახიშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩებს, რომლის სიგრძე 150 მ-ია, სიგანე კი შეადგენს 18,8 მ.-ს. ავტოსატრანსპორტო გასასვლელი (ხიდი-გზაგამტარი) სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ს მიმდებარე ვარდების მოედანს აკავშირებს მერაბ კოსტავას და ახვლედიანის ქუჩებთან. მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს გვირაბისა და ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და მათი სარეაბილტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გვირაბისა და მიწისქვეშა გასასვლელის რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტშიც გამოცხადდა. წინა ტენდერების პირობებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 ათასი იყო, თუმცა, ორივე ტენდერი ჩაიშალა.