Facebook-ის „შავი კვირა“ 58-მილიარდიანი დანაკარგით

გახმაურებული სკანდალის გამო მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ გასულ კვირას საფონდო ბირჯებზე ჯამში 58 მილიარდი დოლარით იზარალა.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა იმ 50 მილიონ მომხმარებელს მოუბოდიშა, რომელთაც ეს სკანდალი შეეხო, ამან საქმეს ვერ უშველა. გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან Facebook-ის დატოვების კამპანია #deletefacebook აგორდა, კომპანიამ ასევე მნიშვნელოვნად იზარალა ფინანსურად.

კომპანიის აქციების ფასმა გასული ორშაბათის 176,80 დოლარიდან უკვე პარასკევს 159,30 დოლარამდე დაიწია. ჯერ კიდევ თებერვალში კი მისი აქციების საცალო ღირებულებამ 190 დოლარს მიაღწია.

კომპანიის აქციები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა, 2012 წელს მისი აქციების საცალო ფასი 38 დოლარი იყო, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 104 მილიარდი დოლარი, ამდროისთვის კი 463 მილიარდი დოლარია.

შეგახსენებთ, ფეისბუქს და კომპანია კემბრიჯ ანალიტიკას (Cambridge Analytica) მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან. კემბრიჯ ანალიტიკა ბრიტანული კომპანიაა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. არსებული ვერსიით, ფეისბუქის საშუალებით მან მილიონობით ამერიკელის მონაცემები მოიპოვა, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტები შექმნა და მათზე მორგებული კამპანიით ტრამპის გამარჯვება უზრუნველყო. თუ ეს ვერსია დადასტურდება, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მარტო ფეისბუქის მომავალი, არამედ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც.

კოკა კვირკველია