გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის,დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მოწამეთაში წიწვოვანი სახეობის ხეების ჭრის ფაქტი დააფიქსირეს.
უწყების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ჭრებს შპს "სილვა" ახორციელებდა.
„მოჭრილია 50 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე. შპს "სილვას" წარმომადგენლის განმარტებით, ჭრას შესაბმისი ნებართვის საფუძველზე ახორციელებდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ადგილზე შედგა საველე აქტი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოჭრილი ხეების პარამეტრები აღწერეს და აიღეს ჯიპიეს კორდინატები.
შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის მიერ, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. კომპანიამ ჭრები მოკვლევის დასრულებამდე შეაჩერა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.