Wizz air-მა რიგა-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მარიგა-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

„მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში ცოტა ხნის წინ შესრულდა. რაც მთავარია, მაისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარურ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს“, - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.