საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო – „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
პროექტი KTW-ჯგუფს ("კახური ტრადიციული მეღვინეობა") ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.