თავდებში "დაკარგულები"

საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავდებს შეატყობინოს, რომ ძირითადი მსესხებელი ვალდებულებას არ ასრულებს, რადგან თავდების არაინფორმირებულობამ შესაძლოა სესხის მოცულობა ხელოვნურად გაზარდოს; თავდების მოთხოვნისას, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

საკმაოდ ბევრი ადამიანი დღეს სავალო ორმოშია ჩავარდნილი იმის გამო, რომ თავის დროზე ახლობელს, ნათესავსა თუ მეგობარს თავდებად დაუდგა. არაინფორმირებულობის გამო ბევრმა არც იცის, რა ვალდებულებები ეკისრება თავდებს, რა უფლებები აქვს და რა შარში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ერთ დღეს ძირითადი მოვალე ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს.

დავით მუმლაძე, იურისტი: "ხშირად ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან თავდებობის არსი და შინაარსი, არ იციან, რა პასუხისმგებლობა შეიძLლება დაეკისროთ. არადა,

თუ ადამიანი მსესხებელს თავდებად დაუდგება, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, სოლიდარულად არის პასუხისმგებელი იმ სესხსა და ვალდებულებებზე, რომელთაც ძირითადი მსესხებელი კისრულობს.

მოქალაქეთა მწირი ინფორმირებულობა იმითაც არის განპირობებული, რომ როცა ახლობელი თავდებად დადგომას გთხოვთ, რა თქმა უნდა, არ გაწვდით ინფორმაციას შესაძლო რისკის შესახებ, შეიძლება მან ნაკისრი ვალდებულებები არ ან ვერ შეასრულოს.

ბანკისთვის თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტისთვის თავდებობა არის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება, რაც ვალდებულების შესრულების ალბათობას ზრდის. საკრედიტო დაწესებულებები ამიტომ სთხოვენ მსესხებელს ისეთი პირის მიყვანას, რომელიც მას თავდებად დაუდგება. ცხადია, საკრედიტო დაწესებულება თავდებობისას უპირატესობას გადახდისუნარიან პირს მიანიჭებს.

არსებობს ორი სახის თავდებობა: ერთ შემთხვევაში ლაპარაკია სუბსიდიურ თავდებობაზე - ფინანსური ინსტიტუტის წინაშე თავდებს ვალდებულებები მხოლოდ მას შემდეგ დაეკისრება, რაც საკრედიტო დაწესებულება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას გამოიყენებს; ანუ ასეთ შემთხვევაში საკრედიტო ორგანიზაცია ვალდებულია, ჯერ ძირითად მოვალეს ედავოს სასამართლოში და თუ მან ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს კრედიტორს უფლება ვალდებულების დაფარვა თავდებისგან მოითხოვოს.

თუმცა თავდებობის ამ ფორმას დღეს იშვიათად იყენებენ. საკრედიტო ორგანიზაციები უფრო ხშირად სოლიდარულ თავდებობას მიმართავენ. ეს კი ნიშნავს, რომ თავდებს წინასწარ ათმობინებენ უფლებას, რომ არ შეიძლება მისთვის მოთხოვნის წარდგენა ამავე მოთხოვნის ძირითადი მსესხებლისთვის წარდგენის გარეშე. ხშირ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება არ განუმარტავს თავდებს, თუ რა სახის თავდებია - სოლიდარული მოვალეა ძირითად მსესხებელთან ერთად თუ ე.წ. სუბსიდიური მოვალე. ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად ილახება თავდების, როგორც მომხმარებლის უფლებები. ამიტომ საკრედიტო დაწესებულებებს ეს ნაწილი აუცილებლად მოსაწესრიგებელი აქვთ. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან დაინტერესებული, სრული ინფორმაცია მიაწოდონ თავდებს რისკების შესახებ. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა უარს იტყოდა თავდებობაზე, რადგან, თუ თავდები ვალდებულებას სოლიდარულად იკისრებს, მაშინ კრედიტორს შესაძლებლობა ექნება, თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გარეშეც.

მაშინაც, როცა ხელშეკრულება უკვე დადებულია და პირობები განსაზღვრული, გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც თავდებმა საკუთარი უფლებების დასაცავად შეიძლება გამოიყენოს - კერძოდ, როცა ძირითადი მსესხებელი ვალდებულებას არ ასრულებს, საკრედიტო ორგანიზაცია მას სანქციებს აკისრებს. ამ შემთხვევაშიც თავდებს ჯარიმების გადახდის პასუხისმგებლობაც ეკისრება. თუმცა, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავდებს შეატყობინოს, რომ ძირითადი მსესხებელი ვალდებულებას არ ასრულებს, რადგან თავდების არაინფორმირებულობამ შესაძლოა სესხის მოცულობა ხელოვნურად გაზარდოს; თავდების მოთხოვნისას კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ პირობას, მაშინ იგი კარგავს თავდებისთვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ზიანს გამოიწვევდა მოთხოვნის შეუსრულებლობა. ამიტომ თავდებობა და სესხის გაპრობლემება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. მოვუწოდებ ყველა თავდებ პირს, ვის მიმართაც ასეთი ღონისძიებები დაიწყება, აუცილებლად მიმართონ ადვოკატს და უფლებები, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ, მაქსიმალურად გამოიყენონ.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი - ხელშეკრულების გარდა, აუცილებელია თავდებობის შესახებ არსებობდეს თავდების განაცხადი. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი ამბობს, რომ "თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება".

ბოლო დროს სასამართლოს პრაქტიკა ნაწილობრივ შეცვლილია - თავდებობის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, თუ არ არის თავდების წერილობითი განაცხადი, ის სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ადრე ეს მუხლი, ფაქტობრივად, აუმოქმედებელი რჩებოდა. სასამართლო მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაშიც მიიჩნევდა, რომ თავდები იყო სრულად ვალდებული, დაეფარა ძირითადი მსესხებლის ვალდებულება. ბოლო პერიოდში სასამართლომ შეცვალა ეს პრაქტიკა, რაც ერთგვარი გამოსავალია, რადგან ბოლო წლებში თავდები პირები ძალიან დაზარალდნენ, მათი უფლებები სტანდარტული, მძიმე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, დაუცველი იყო".

ანი ალიბეგაშვილი, "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი:

"მომხმარებლები ხშირად ისე აწერენ ხელს თავდებობის ხელშეკრულებას, რომ არა აქვთ გათვითცნობიერებული, რა პასუხისმგებლობას იღებენ. სოლიდარული პასუხისმგებლობა და თავდებობის ხელშეკრულების დამოწმება გულისხმობს, რომ თუ ძირითადი მსესხებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, თავდები პირი იღებს ვალდებულებას, დაფაროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ის პასუხისმგებელია თავისი უძრავი თუ მოძრავი ქონებით! აუცილებელია, ბანკებმაც დროულად, ხელშეკრულების გაფორმებამდე მიაწოდონ ეს ინფორმაცია თავდებ პირებს. არადა, პირიქით, ხშირად ისეთ შემთხვევებსაც ვაწყდებით, როცა თავდებს ეუბნებიან, რომ მათთან ხელშეკრულება ფორმალურად, "უბრალოდ" ფორმდება.

თუმცა ისეც ხდება, რომ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგაც მოქალაქეები ახლობლებს თავდებობაზე უარს ვერ ეუბნებიან. მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ სანამ პირი ძირითად მსესხებელს თავდებად დაუდგება, ის ხელს აწერს იმაზე, რომ შემოწმდეს მისი საკრედიტო ისტორია, მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს კომიტეტი, დაუყენოს თუ არა ძირითად მსესხებელს თავდებად ეს პირი. შესაბამისად, თუ თავდები პირი განსაზღვრულ რისკებს ხედავს ამ ნაბიჯში, უმჯობესი იქნება, თუ საკონტაქტო მონაცემებს გამოართმევს კრედიტ-ოფიცერს, შემდგომ კი დაუკავშირდება მას და სატელეფონო ზარით შეატყობინებს, რომ ამ პასუხისმგებლობას თავი რაიმე მიზეზით აარიდოს. თავდები პირის ეს ნაბიჯი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ბანკის თანამშრომელს მისი გამჟღავნების უფლება არა აქვს".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: „კვირის პალიტრა"