"მაღაროელები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ისინი მუშაობდნენ, ავარიული იყო და საერთოდ არ შეიძლებოდა სამუშაოების წარმოება"

მაღაროელების ინფორმაციით, ადგილი სადაც მუშები მუშაობდნენ, ავარიული იყო, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღარო ხის მორებით უნდა იყოს გამაგრებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ იყო.

“ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით, შუაღამისას ჩამოინგრა შუხუთის მაღაროში სამთო მასა და ქვეშ მოყვა ზაზა აბრამიშვილი, 45 წლამდე გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი. ადგილზე ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. ლოდი, რომელიც მას დაეცა, იმდენად დიდია, რომ დასაშლელად პერფერატორები შეიტანეს. სამთო მასის ჩამოშლის შემდეგ, როცა ბრიგადამ ტერიტორია დატოვა, აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი, ზაზა აბრამიშვილი აღარ იყო მათთან ერთად. მას შემდეგ დაიწყო ძებნა, თუმცა დღეს დილით დადასტურდა, რომ ის გარდაცვლილია. როგორც მითხრეს, საერთოდ არ შეიძლებოდა იმ ადგილას სამუშაოების წარმოება. მაღაროელები ამბობენ, რომ ავარიული მაღარო იყო. სამთო სამუშაოების წესებში წერია, რომ მუშას თავზე არ უნდა დაჰყურებდეს ღია სამთო მასა, ის უნდა იყოს გამაგრებული ხის მორებით. რატომ იყვნენ იქ მუშები არ ვიცი, უბრალოდ აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მაღაროს ადმინისტრაცია აიძულებს მათ ასეთ ადგილებში მუშაობას. ამ კომპანიისთვის მთავარია მარგანეცის მოპოვება და არა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.