როგორ ავარიდოთ თავი თავდებობას, ისე რომ ახლობელი არ გავანაწყენოთ?

ბევრი ადამიანი დღეს სავალო ორმოშია ჩავარდნილი იმის გამო, რომ თავის დროზე ახლობელს, ნათესავსა თუ მეგობარს თავდებად დაუდგა. არაინფორმირებულობის გამო ბევრმა არც იცის, რა ვალდებულებები ეკისრება თავდებს, რა უფლებები აქვს და რა შარში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ერთ დღეს ძირითადი მოვალე ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს.

"საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტის ანი ალიბეგაშვილის განცხადებით, მომხმარებლები ხშირად ისე აწერენ ხელს თავდებობის ხელშეკრულებას, რომ არა აქვთ გათვითცნობიერებული, რა პასუხისმგებლობას იღებენ.

„სოლიდარული პასუხისმგებლობა და თავდებობის ხელშეკრულების დამოწმება გულისხმობს, რომ თუ ძირითადი მსესხებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, თავდები პირი იღებს ვალდებულებას, დაფაროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ის პასუხისმგებელია თავისი უძრავი თუ მოძრავი ქონებით! აუცილებელია, ბანკებმაც დროულად, ხელშეკრულების გაფორმებამდე მიაწოდონ ეს ინფორმაცია თავდებ პირებს. არადა, პირიქით, ხშირად ისეთ შემთხვევებსაც ვაწყდებით, როცა თავდებს ეუბნებიან, რომ მათთან ხელშეკრულება ფორმალურად, "უბრალოდ" ფორმდება,“-აღნიშნავს ალიბეგაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

თუმცა, მისი თქმით, ისეც ხდება, რომ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგაც კი მოქალაქეები ახლობლებს თავდებობაზე უარს ვერ ეუბნებიან. როგორც ალიბეგაშვილი აცხადებს, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ სანამ პირი ძირითად მსესხებელს თავდებად დაუდგება, ის ხელს აწერს იმაზე, რომ შემოწმდეს მისი საკრედიტო ისტორია, მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს კომიტეტი, დაუყენოს თუ არა ძირითად მსესხებელს თავდებად ეს პირი.

„შესაბამისად, თუ თავდები პირი განსაზღვრულ რისკებს ხედავს ამ ნაბიჯში, უმჯობესი იქნება, თუ საკონტაქტო მონაცემებს გამოართმევს კრედიტ-ოფიცერს, შემდგომ კი დაუკავშირდება მას და სატელეფონო ზარით შეატყობინებს, რომ ამ პასუხისმგებლობას თავი რაიმე მიზეზით აარიდოს. თავდები პირის ეს ნაბიჯი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ბანკის თანამშრომელს მისი გამჟღავნების უფლება არა აქვს,“-აღნიშნავს ალიბეგაშვილი.