მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურს სახელმწიფო აღარ ანაზღაურებს.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროგრამა, 2017 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. შესაბამისად, 2018 წლიდან, იმ მოქალაქეებს, რომელთაც მიწის დარეგისტრირებისთვის აზომვითი ნახაზის მომზადება დასჭირდება, საფასურის სრულად გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ქონების სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 15 738 725 ლარი დაიხარჯა. ამასთან, მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში, 197 848-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა.
თაია არდოტელი