„აგარის შაქრის“ კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ნათბილაძე ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებას სთავაზობს

"მე გთავაზობთ, რომ ქუჩის აქციები გადავიტანოთ კაბინეტში - დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, - ამის შესახებ „აგარის შაქრის“ კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „აგარის შაქრის“ კომპანიის ადმინისტრაცია ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკების ფორმატის შეცვლას სთავაზობს.

ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასა და ყოფილ თანამშრომლებს საერთო ინტერესი და პრობლემა აქვთ, რაც არა რადიკალური მეთოდებით, არამედ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გზით უნდა მოგვარდეს. მისი მტკიცებით, აგარის შაქრის კომპანიის ერთადერთი ინტერესია ამუშავდეს ქარხანა და კომპანია მზადაა, ინვესტიცია კიდევ განახორციელოს.

„ჩვენ მზად ვართ ინვესტიციებისთვის, იმისთვის, რომ ისევ შევიძინოთ ნედლეული, როდესაც დასტაბილურდება ეს ფასთა სხვაობა ევროპულ შაქარსა და ნედლეულს შორის. ჩვენი კარი არ არის არასოდეს დაკეტილი და ღია მოლაპარაკებებისთვის ვართ მზად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევ ერთად ვიმუშავებთ, გავხსნით ქარხანას. მილიონობით ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ამ ქარხანაში და არავინ არ აპირებს, დახუროს და სამუდამოდ დააკონსერვოს. მე გთავაზობთ, რომ ქუჩის აქციები გადავიტანოთ კაბინეტში; დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. შემოიყვანეთ ექსპერტები, პროცესი იყოს ომბუდსმენის მონიტორინგის ქვეშ. თუნდაც, არასამთავრობოები ჩაერთონ და მათი მეშვეობით ხდებოდეს მოლაპარაკება. ვანახოთ მოსახლეობას, რომ იგივე პრობლემა, რაც თქვენ გაქვთ, ეს არის ჩვენი პრობლემა“, - აცხადებს ნათბილაძე.

”აგარის შაქრის” კომპანიის წარმომადგენელმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია შაქრის ქარხნის ბიტკოინებით ჩანაცვლების შესახებ. მისი განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა არენდატორთან. იგეგმებოდა მიწის გაქირავება დაცულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წვდომით, რომელიც ქარხნის ამუშავების პროცესს არაფრით ხელს არ უშლიდა. თუმცა, მისი მტკიცებით, ეს ქარხნის ნაცვლად კრიპტოვალუტის წარმოებას არ გულისხმობდა. ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა.