შპს ,,ხიდმშენი № 2-ის“ უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება. საუბარია, 711 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე.
ამის მიზეზი კი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტია.
„თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში,“-აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.
ბრძანების თანახმად, შპს ,,ხიდმშენი № 2“-ის მესაკუთრესთან მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილობრივ გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.
ცნობისთვის, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ძირითადი მიზანია: უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა, მგზავრობის დროის შემცირება და მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც 5 გვირაბი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბსა და სოფელ ანეულას მიმდებარედ არსებულ გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. პროექტის თანახმად, საუღელტეხილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა 48 მილიონ ტონამდე იზრდება.
რეესტრის ამონაწერით, შპს ,,ხიდმშენი № 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ ცქიტიშვილია.