ავსტრალიიდან ინგლისში - მსოფლიოში მეორე ყველაზე გრძელი ავიარეისი შესრულდა

გასულ უქმეებზე, ავსტრალიის ქალაქ პერტსა და ლონდონს შორის პირველი უწყვეტი რეისი შესრულდა, რომელიც მეორე ყველაზე შორეული რეისია (უფრო შორეულია დოჰასა/ყატარი და ოკლენდის/ახ.ზელანდია დამაკავშირებელი ხაზი, რომლის სიგრძეც 14 535 კილომეტრია და მას ბოინგ 777-200LR ასრულებს) შუალედური დაჯდომის გარეშე.

ფრენა ავსტრალიური „კანტას ეარვეიზის“ „ბოინგ 787-9 დრიმლაინერით“ განხორციელდა და ის 17 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ავსტრალიის დასავლეთში მდებარე პერტსა და ლონდონს შორის მანძილი 14 498 კილომეტრია. მგზავრები ამ მანძილს აქამდე ახლო აღმოსავლეთში შუალედური დაჯდომით გადიოდნენ და მას მინიმუმ სამი საათით მეტი დრო სჭირდებოდა. ამავე რეისის მეშვეობით, უფრო დამოკლდება მელბურნიდან და სიდნეიდან ლონდონამდე ფრენის (ამჟამად ის დუბაიში შუალედური დაჯდომით ხორციელდება) დრო.

პერტსა და ლონდონს შორის ახალი რეისის მანძილი მეოთხედით მეტია ლონდონი ჯაკარტას (ინდონიზია) რეისის სიგრძეზე (11 707 კილომეტრი), რომელიც აქამდე ბრიტანეთის დანარჩენ სამყაროსთან დამაკავშირებელი ყველაზე შორეული ხაზი იყო.

პერტი-ლონდონის პირველი რეისით 236-მა მგზავრმა ისარგებლა, რომლებსაც ეკიპაჟის 18 წევრი მოემსახურა. აფრენიდან 17 საათისა და 20 წუთის შემდეგ, თვითმფრინავმა ჰიტროუს აეროპორტში დაშვება შეასრულა. შორეული რეისისთვის, „დრიმლაინერის“ ავზები 92 ტონა რეაქტიული საწვავით იყო ავსებული.

ცნობისათვის, ეს თვითმფრინავი, რომლის ფიუზელაჟი და ფრთებიც ძრითადად კომპოზიციური მასალებით მზადდება, „ჯენერალ ელექტრიკის“ ორი ძრავით (GEnx) არის აღჭურვილი. მსუბუქი კონსტრუქციის და ეფექტური ძრავების დახმარებით, „დრიმლაინერი“, თავისი კლასის (ფართოფიუზელაჟიანი) სხვა თვითმფრინავებზე 20 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.