"კომპანია „სითი პარკს“ აქვს მცდელობა სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთდა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა.
„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში აქვს მცდელობა „სითი პარკს“, მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ. დღეს სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სითი პარკის“ სარჩელი ისეთი აქტის გასაჩივრებაზე, რომელიც საფუძვლად არ დასდებია ხელშეკრულების შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ განუმარტა კომპანიას, რომ ამ აქტის გასაჩივრების იურიდიული უფლება მათ არ აქვთ. სხვა შემთხვევაში, ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ორკესტრირებულია სასამართლოს და მერიის მოქმედებები, შეურაცხმყოფელია. რასაკვირველია, „სითი პარკს“ აქვს საშუალება, რომ სასამართლოს გზით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, ისევე, როგორც თბილისის მერიას. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი, რომელსაც გვაჩვენებს სამომავლო პროცესები სასამართლოში და ცნობილი გახდება ყველასთვის. ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც ადგილი ჰქონდა „სითი პარკის“ წარმომადგენლის მხრიდან, ემსახურება სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დღეს რა სარჩელზეც უარი განაცხადა სასამართლომ, რომ წარმოებაში მიეღო, ამ საფუძვლით ხელშეკრულება არ გაწყვეტილა „სითი პარკთან“, ამიტომ განმარტა სასამართლომ, რომ ამ აქტის გასაჩივრებისას კანონიერი ინტერესი არ გააჩნიათ. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს და სხვა გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. მათმა იურისტმა, ნათია წკეპლაძემ ეს ძალიან კარგად იცის, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში მოსამართლე იყო“, - განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს. „მათი განცხადებები სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა. მათ არაფერში სჭირდებათ ისეთი განცხადებების გაკეთება, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი. ეს ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. წამოწყებული აქვთ მედიაკამპანია, რომ თურმე კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა. ყველა მოქალაქეს შეუძლია ნახოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა რა დონეზეა მოწესრიგებული. კომპანიამ გაუშვა დამატებით მიცემული ვადა ისე, რომ საერთოდ არ გამოასწორა პრობლემები, შესაბამისად, მერიამ სრულიად სამართლიანად მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
კომპანია „სითი პარკის“ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, - აღნიშულთან დაკავშირებით, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „სასამართლომ ფორსირებულად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს გამოატანინა დასკვნა, რომ 23 აგვისტოს მერიის კოლეგიური ორგანოს (მთავრობის) მიერ მიღებული განკარგულება არ იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი“.
„მიგვითითეს, რომ დავა უნდა გაგრძელებულიყო სახელშეკრულებო დავის ფარგლებში. თუმცა დღეს მოსამართლე ჩხეტიას მიერ ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით დაინიშნა განმწესრიგებელი სხდომა და ისე, რომ თავიც კი ვერ შეიკავა წინსწრებით გამოევლინა მისთვის მიცემული მითითებების მიმართულება და სარჩელის ავტორებს არც კი მოგვცა უფლება დაგვესაბუთებინა ჩვენი იურიდიული ინტერესი, ადგილზე თათბირით „სითი პარკს“ უარი უთხრა უფლების დაცვაზე. ეს არის სასამართლოსა და მმართველი გუნდის წინასწარ განზრახული ქმედებების თვალსაჩინო მაგალითი, რომ სასამართლოს აიძულებენ მიიღონ ყოვლად გაუგონარი გადაწყვეტილებები, პრაქტიკაში არ არსებული განჩინებები, რათა კომპანიას არ მიეცეს საქმის არსებითად განხილვის უფლება და არ წარუდგინოს სასამართლოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები და ფაქტები, რასაც მერია აგვისტოს თვიდან დღემდე სჩადის“, - ნათქვამია „სითი პარკის“განცხადებაში.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „სითი პარკის“ იურისტი თამარ შუბითიძე განმარტავს, 2017 წლის 23 აგვისტოს დედაქალაქის მერიამ გამოსცა გაფრთხილება-განკარგულება, სადაც საუბრობდა, რომ არასწორად ხდება ჯარიმა-საურავების გამოწერა „სითი პარკის“ მხრიდან, რისთვისაც დიდი რაოდენობით საჩივრებია დაწერილი.
„მთავრობის ეს განკარგულება, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, გავასაჩივრეთ სასამართლოში სექტემბერშივე. მაშინ მოსამართლემ გვითხრა, რომ სარჩელი უნდა შეგვეტანა სახელშეკრულებო დავის ფარგლებში და დაგვედგინა, იყო თუ არა ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით დარღვევა.
შემდგომ, მოსამართლის მითითების საფუძველზევე, ამ მუხლით შევიტანეთ და მოვთხოვეთ სასამართლოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადგენა. დღეს კი მოსამართლემ გვითხრა, რომ არ გააჩნია კომპანიას იურიდიული ინტერესი ამ დავისო. ამ შემთხვევაში, მოხდა პროცესუალური დარღვევა და ისე, რომ არ მოგვეცა უფლება დაგვეცვა ჩვენი იურიდიული ინტერესი, გამოიტანა განჩინება წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გაფრთხილების განკარგულებას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ჯარიმა-საურავის საკითხს მერია დღესდღეობით საერთოდ აღარ მიიჩნევს დარღვევად და ხელშეკრულების შეწყვეტა ამის საფუძველზე არ მომხდარა. თუმცა, იმის გამო, რომ ამ გაფრთხილებასაც არ მივიჩნევდით სამართლიანად, გვინდოდა, რომ ამ ნაწილშიც ვყოფილიყავით კეთილსინდისიერი კომპანია, სასამართლოს ემსჯელა და დაედგინა, რომ მერიის ეს პოზიცია სამართლებრივად სწორი არ იყო და დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზანი იყო ის, რომ გვეჩვენებინა, როგორ ერთმანეთის საწინაარმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ მოსამართლეები და კომპანიას არ აძლევენ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებას“, - განაცხადა შუბითიძემ.
რაც შეეხება „სითი პარკის“ მეორე სარჩელს, 26 ოქტომბრის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, შუბითიძის განმარტებით, ის კონკრეტულ მისამართებზე ნიშნებისა და მონიშვნების მდგომარეობას ეხება. როგორც შუბითიძე ამბობს, მითითებულ მისამართებზე განკარგულების გამოცემის მომენტისთვის ეს მისამართები არ წარმოადგენდა დარღვევას და ეს დასაბუთებულია წერილობით, რომელიც მერიისთვის წარმოდგენილი გვაქვს.
„აქედან გამომდინარე არ არსებობდა მერიის მიერ განკარგულების გამოცემის წინაპირობა. ეს სარჩელი დახარვეზდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ტექნიკური თვალსაზრისით, არასაკმარისად მიიჩნია სასამართლომ დირექტორების მიერ გაცემული მინდობილობა, რაც გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რომლის განხილვის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არსებითი განხილვისთვის 10 დღის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა და ახლა ველოდებით განხილვის დაწყებას, რისთვისაც სასამართლოს 2 თვის ვადა აქვს“, - განაცხადა შუბითიძემ.