„სიტროენ ჯორჯია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და დავების საბჭოს აუდიოჩანაწერების გადმოცემას მოითხოვს.
საქმე ეხება საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „სიტროენ ჯორჯიას“ ტენდერიდან დისკვალიფიკაციას, რასაც კომპანია უკანონოდ მიიჩნევს და გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე სასამართლოში დავობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა, მათ მიმართეს შესყიდვების სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე დავების საბჭოში გამართული განხილვების აუდიოჩანაწერების მიწოდების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს - შესყიდვების სააგენტომ მხოლოდ წერილობითი ოქმის გაცემის მზადყოფნა გამოთქვა. შარაშენიძის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას“ შუამდგომლობა აუდიოჩანაწერების გადმოცემასთან დაკავშირებით 24 მარტს უკვე სასამართლომ დააკმაყოფილა.
„შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოზე გამართული განხილვების აუდჩანაწერები ადასტურებს, თუ რამდენად არაადეკვატური იყო ჯანდაცვის სამინისტრო და რამდენად იყო მოწადინებული, რამენაირად მოვეხსენით ტენდერიდან. ჩვენი კანონიერი უფლებაა, ეს ჩანაწერი გამოვითხოვოთ. ჩვენმა იურისტებმა ეს მოთხოვნა დააყენეს შესყიდვების სააგენტოს წინაშე, თუმცა უარი მივიღეთ. შემდეგ სასამართლოზე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შესყიდვების სააგენტომ კვლავ უარი გვითხრა აუდიოჩანაწერების გადმოცემაზე. მე მოვუწოდებ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ ნუ შევლენ ჩიხურ მდგომარეოაბში. მე მესმის, რომ ამ აუდიოჩანაწერებში ძალიან მძიმე სურათი იხატება და ცხადყოფს, ვინ რა დოზით არის დამნაშავე, მაგრამ ვალდებულები არიან, რომ გადმოგვცენ და საბოლოო ჯამში მაინც ასე მოხდება. ეს არის სამოქალაქო დავა, რომელსაც ერთი ბიზნესი აწარმოებს და არ შეიძლება ასეთი ზეწოლით, ხელების გადაგრეხის რეჟიმით მოექცე ამ ჯგუფს. სასამართლოს მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, „სიტროენ ჯორჯიას“ საქმეზე სასამართლო სხდომა 29 მარტს არის ჩანიშნული. თუ ამ დრომდე აუდიოჩანაწერებს ვერ მიიღებს, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებას წესით დაკმაყოფილებას მოითხოვს.