ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი და უდიდესი ნდობის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ 1 წელი სრულდება შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს საკითხი აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს, ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების მიერ გადადმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი. ამიტომ, ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, მეგობარს, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს, რომ არ გაიზარდოს უვიზო რეჟიმის დამრღვევ პირთა რაოდენობა.
„ის ნაბიჯები, რომელსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება, იმ მიმართულებით რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ შევძლებთ ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.