"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა დაახლოებით ექვსი წელია ჭიანურდება.
"ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ხელისუფლებაში პირველი ვადით მოსვლის დროს, 2012 წელს სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე აქტიურად საუბრობდა. მერვე მოწვევის პარლამენტში შესაბამისი ცვლილებათა პროექტის მომზადებაზე საუბარი ხშირად იყო, თუმცა საბოლოოდ არ მომზადდა.
"მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკითხი კვლავ გააქტიურდა. ამჯერად ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, სადაც სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე მუშაობს. ამასთან, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, პარლამენტის წევრებითა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. გასული წლის ნოემბერში კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა, თუმცა მისი მიღება კვლავ დროში იწელება.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ აზარტულ თამაშებში ადამიანები, 18-ის ნაცვლად, დაიშვებიან 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება. ამასთან შეიძლება შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში, პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.
როგორც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გვითხრა, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს, რადგან მთავრობასთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. კიდევ ერთი პარლამენტარი ირაკლი ბერაია აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების ვადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი კობა გრიალაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: "კანონპროექტის განხილვები პარლამენტში ორ-სამ კვირაში განახლდება. ამჟამად კი მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს".
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის კანონპროექტის მიღების გაჭიანურება სათამაშო ბიზნესის ლობის გააქტიურებას უკავშირდებოდეს და შესაძლოა კორუფციის ნიშნები იკვეთებოდეს.
"მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა მაქვს გარკვეული ეჭვები. საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სათამაშო ბიზნესის რეგულაციის საკითხი ყოველთვის აქტიურდება და ბოლომდე არასდროს მიჰყავთ. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, სათამაშო ბიზნესის ლობი ხომ არ მოქმედებს ისე, რომ გავლენას ახდენს დეპუტატებზე ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ასევე, შეიძლება კორუფციის ნიშნები იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს აქამდე უკვე მიიღებდნენ. ხელისუფლებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სათამაშო ბიზნესი რეგულაციებში მოექცეს. თუმცა, ამდენი წელი რომ აღნიშნული საკითხი მოუგვარებელია, ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს", - აცხადებს გვიდიანი.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხით პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაინტერესდნენ, გაარკვიონ და გამოიკვლიონ, რატომ არის ეს კანონპროექტი დროში "გაჭედილი".
"არსებობს ერთადერთი გზა – სამოქალაქო აქტიურობა, მედიის აქტიურობა და საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ დააჩქარონ პრობლემის გადაჭრა ან ხელისუფლებამ აღიაროს, რომ მის მოგვარებას არ აპირებენ. რეალურად ხელისუფლების პოზიცია უნდა გავიგოთ, აღიქვამენ თუ არა სათამაშო ბიზნესის საკითხს პრობლემად და თუ მოგვარებას აპირებენ, რა ვადებში მოხდება ეს", - აცხადებს ანდრია გვიდიანი.
რაც შეეხება აზარტული თამაშების შესახებ გარკვეული რეგულაციების საკანონმდებლო დონეზე მიღების აუცილებლობას, აფბას ანალიტიკოსი განმარტავს, რომ გონივრული რეგულაციები სიტუაციას დაალაგებს.
"ეს არის მუდმივად მზარდი სექტორი. 216 წლის მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2017 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ონლაინ სათამაშო სივრცის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევა აუცილებელია. აღნიშნული ქმნის არაერთ პრობლემას, როგორიცაა: ფულის გათეთრების რისკები, ასაკობრივი ცენზის დაუცველობა, რეგისტრაციის გარეშე ჩართულობის და, ზოგადად, იდენტიფიკაციის პრობლემები, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტერორიზმის რისკები და სხვა. ზოგიერთმა ქვეყნამ მთლიანად აკრძალვის მეთოდს მიმართა, ზოგიერთმა - რეგულაციების. მე პირადად რეგულაციების მომხრე ვარ და არა მთლიანად აკრძალვის. სრული აკრძალვით სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. გონივრული რეგულაციებით კი, ბევრი მიმართულებით სიტუაცია დალაგდება", - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.
მისივე თქმით, აზარტული თამაშები ქვეყნის ეკონომიკაში ფისკალური კუთხითაც დიდ პრობლემას ქმნის: "აზარტული თამაშების კომპანიების დაბეგვრის მექანიზმები არაეფექტურია. ისინი ძალიან ცოტას იხდიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრუნვა საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე - მზარდი. აზარტული სივრციდან ეკონომიკაში ფისკალური ეფექტი მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ მხრივაც კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შესაცვლელია", - აცხადებს გვიდიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო.
აფბა-ს კვლევის თანახმად, ქვეყანაში ონლაინ კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანს უტოლდება. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1 033 000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ერთი მოთამაშე დღეში, საშუალოდ, 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით კი, მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული. მათგან უმრავლესობა უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს. მოსახლეობის 2% აცხადებს, რომ აზარტული თამაშების გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%).
ლაშა ბასლანძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"