,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ გზის მშენებლობისთვის უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება. საუბარია, 12 227 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე.

ამის მიზეზი კი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის (E-60) განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობაა, რომელიც აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს წარმოადგენს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეს. დასახელებულ წერილობით შეთავაზებაში მესაკუთრეს ასევე განემარტა, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

ცნობისთვის, რეესტრის გასული წლის 22 თებერვლის ამონაწერით, შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 100%-იანი წილი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „საერთაშორისო ბიზნეს კომპანია გრინფილდ ფაინენშიალ კორპს“ ეკუთვნის.