ტყიბულში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდიკორში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში სოფელ მანდიკორში 17.5 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „რენეგეიდ თიი“-ს 17.5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 466,9 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. საინვესტიციო პირობების მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.