ერთი წლის განმავლობაში, შენგენის ზონაში შესვლაზე საქართველოს 1001 მოქალაქეს ეთქვა უარი

1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ განახორციელა 258 663 ვიზიტი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, ხოლო 1001 ადამიანს უარი ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა.

რაც შეეხება იმას, რამდენმა ადამიანმა დაარღვია ევროკავშირში ყოფნის ვადები, ნინო ჯავახაძის განცხადებით, ეს მონაცემი გარკვეული მიზეზების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს.

ნინო ჯავახაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც შემოდგომისთვის უნდა შემცირდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებლები.

„იმ ღონისძიებებით, რომელსაც ვატარებთ, ვფიქრობთ, შემოდგომამდე შესაძლებელი იქნება თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია კლებისკენ შეიცვალოს. საუბარი არ არის იმაზე, რომ აღარავინ აღარ წავა და თავშესაფარს არ მოითხოვს, მაგრამ თვიდან თვემდე ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს.

1 წლის განმავლობაში, სულ 192 453-მა საქართველოს მოქალაქემ განახორციელა 258 663 ვიზიტი ევროკავშირში, 1001 ადამიანს ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე.

რაც შეეხება ვადების დარღვევას, ჩვენ ეს ციფრი არ გვაქვს. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩადის ევროკავშირში, იქედან შეიძლება გადავიდა თურქეთში ან მექსიკაში ან სხვა ქვეყანაში და იქ დარჩა. შეიძლება შეიცვალოს სტატუსიც. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით ვადების დარღვევებზე ზუსტი მონაცემები“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.