უკვე სამი დღეა, რაც ნავთობის ფასი 70 დოლარზე მაღლა რჩება და პოზიციების დათმობას არ აპირებს. მის სიმყარეს ხელს უწყობს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, რასაც ბაზარზე მიწოდების წყვეტები უკავშირდება.
თუმცა ამის მიუხედავად, გლობალურ ბაზარზე მიწოდების ზრდა გრძელდება, რაც ინვესტორების სიფრთხილეს იწვევს.
ბრენტ მარკის ნავთობის ფასი 28 ცენტით გაიზარდა და ბარელში 70.40 დოლარს მიაღწია. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 19 ცენტით, 65.74 დოლარამდე გაიზარდა. სულ ამ თვის განმავლობაში, ნავთობის ფასი 7 პროცენტით არის გაზრდილი. წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 5.3 პროცენტი შეადგინა და დიდი ალბათობით, ზრდით ზედიზედ მესამე კვარტალს დაასრულებს. მსგავსი რამ, ბაზარზე 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ნავთობის ფასის ზრდას, გეოპოლიტიკური ფაქტორები და მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების მიერ, გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა უზრუნველყოფს. 2014 წლის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ბრენტ მარკის ნავთობის ფასი 70 დოლარს ასცდა. თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ზრდა დიდხანს არ გაგრძელდება.
„ნავთობის ფასის ახლანდელი ზრდა ბევრისთვის მოულოდნელობაა, რადგან ფუნდამენტური ფონის შესაბამისად, ბრენტი 70 დოლართან ახლოსაც არ უნდა იყოს. ამ ხედვას ის გარემოება ამყარებს, რომ მსოფლიო ბაზარზე დეფიციტის შევსებას ძირითადად OPEC-ის არაწევრი ექსპორტიორები უზრუნველყოფენ, რომლებიც შეზღუდვის პაქტში არ მონაწილეობენ“, - ამბობს „PVM ოილ ესოშიეიტედის“ ანალიტიკოსი ტამაშ ვარდა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში ფასის ზრდას, ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს. ერთია ის, რომ OPEC-ი ახერხებს მიწოდების მოცულობის სტაბილურობას. მეორე კი გეოპოლიტიკური ფაქტორია, რომელსაც ვენესუელადან, ლიბიიდან და ირანიდან მიწოდების წყვეტები განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში კი, ყველაზე მწვავედ ირანის ფაქტორი მოქმედებს.
საქმე ისაა, რომ შეერთებული შტატები, ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს. ამ შემთხვევაში, დიდია შანსი იმისა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, რაც აუცილებლად დააზარალებს ირანიდან ნავთობის ექსპორტს.