მშენებლობების ნებართვებზე მოსაკრებელი, შესაძლოა, გაიზარდოს.
აღნიშნული მოსაკრებლის ოდენობის ზრდას სამშენებლო ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშების წესში ცვლილება იწვევს, რომლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა, ასაშენებელი ობიექტის განაშენიანების ფართობის ნაცვლად, განაშენიანების ინტენსივობის (კ2) კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული.
ცვლილებები “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც თბილისის მერიამ მოამზადა და პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.
პროექტის თანახმად, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შედეგად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში. დგინდება მოსაკრებლის ახალი ოდენობა: - თითოეული კვადრატული მეტრისათვის ის არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხ) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 (ხუთ) ლარს.
ამასთან, “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) ლარს. ისეთი შენობა–ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებელი II კლასის ობიექტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 50 ლარს, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის 400 ლარს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში, დადასტურებულია, რომ სამშენებლო ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშების წესში ცვლილება მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას იწვევს.
“კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. საფუძვლიანი ვარაუდით, მაგალითისათვის, თბილისის ბიუჯეტში შემოსავლები მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლიდან, ახალი რეგულაციის მიხედვით, 10-15 მილიონი ლარით გაიზრდება. საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის “ფორმა 1“-ის მიხედვით, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში მობილიზებული შემოსავალი, მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვაზე 2017 წლის განმავლობაში შეადგენდა 4 908 048 ლარს, ხოლო 2016 წლის განმავლობაში - 3 948 910 ლარს. კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება აღნიშნული ნორმები. ქალაქ თბილისში, საშუალოდ, ეს 5 ათასამდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.