„გეფერინი“ ახალი პროექტის დასაწყებად უცხოელ ინვესტორს ეძებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

ქართული ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ ახალი პროექტის დასაწყებად უცხოელ ინვესტორს ეძებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია გაფართოებას და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში ახალი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ დრომდე მათი საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს, გაფართოების შემდეგ კი „გეფერინის“ ქარხანა წერეთლის გამზირზე განთავსდება.

„გაფართოება, სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება. წერეთლის გამზირზე, იჯარით ვიღებთ ფართს. ახალი საწარმო დაახლოებით 500 კვადრატული მეტის ფართობზე განთავსდება. თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდება. ასევე, დაგვემატება ახალი პროდუქცია - ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. პროექტი მზად გვაქვს, თუმცა ახლა არსებულ საწარმოში ამის საშულება არ გვაქვს, რომ დამატებით პროდუქცია შევკეროთ“, - აცხადებს გეფერიძე.

მისივე თქმით, ახალი ქარხნის გახსნამდე, „გეფერინი“ ინვესტორს ეძებს, რომელიც პროექტს დააფინანსებს: „ქარხნის გასახსნელად 250 000 დოლარამდე თანხაა საჭირო. ამისთვის ინვესტორს ვეძებთ. გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება. ქართულ სახელმწიფო პროგრამებს ვერ მოვერგეთ, ამიტომაც უცხოელ ინვესტორს ვეძებთ. ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი ადრეა“.

ამასთან, „გეფერინისთვის“ აქვს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე. ილია გეფერიძის თქმით, საექსპორტო ქვეყნებს ჩინეთი დაემატება და მაღაზია ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში ივნისში გაიხსნება.

მისი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული ტყავის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე “APLF” წარსდგნენ, სადაც „გეფერინმა“ წარმატება მოიპოვა.

„ჩინეთში მსოფლიოს 22 ქვეყნის სხვადასხვა ბრენდები იყო წარმოდგენილი. აღნიშნული გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის წარმატებული გამოდგა. დიდი მოწონება დაიმსახურა. შედგა შეთანხმება და ივნისში ჰონგ-კონგში, ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო ცენტში ჩვენი მაღაზია გაიხსნება. თავიდან 150-200 ჩანთა გავა. ეს იქნება პირველი ქართული საფეიქრო ნაწარმი, რომელიც ამ ცენტრში გაიყიდება. პროდუქცია რვა ქვეყანაში გაგვაქვს. მეწარმოების განვითარების სააგენტო გვეხმარება, რომ ჩვენი და სხვა ქართული კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს წარუდგინონ, რაც ექსპორტის წახალისებასა და ზრდას ხელს უწყობს. ნოემბერში ჩინეთში ისევ ვაპირებთ წასვლას“, - აღნიშნავს გეფერიძე.

მისივე თქმით, „გეფერინი“ საექსპორტო ქვეყნებში 10-მდე მაღაზიას გახსნის. რაც შეხება თბილისს, წლის განმავლობაში კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება. ილია გეფერიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრებთან „თბილისი მოლი“ და „ისთ ფოინთი“.

ჩანთების ქართული მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ 2014 წელს დაფუძნდა. გარდა ქართული ბაზრისა, „გეფერინის“ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და აზერბაიჯანში გადის.

თეონა კენჭიაშვილი

bpn