შვეიცარიის ბანკებისთვის ყველაზე დიდი რისკი კიბერ შეტევებია

შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო სამსახურის (FINMA) ინფორმაციით, შვეიცარიის ფინანსური სისტემისთვის, ამჟამად ყველაზე მეტი საფრთხის მომტანი შესაძლოა, კიბერ-შეტევები იყოს.

ამის მანიშნებელია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება ბანკებსა და სხვა ტიპის ფინანსურ ორგანიზაციებზე ჰაკერული შეტევები. ამის გამო, ის მოუწოდებს შვეიცარიის მთავრობას, ამ საფრთხისადმი დაცვა გააძლიეროს.

„კიბერ შეტევებთან დაკავშირებული რისკები, გლობალურ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან ერთად იზრდება. ეს ახლა ყველაზე სერიოზული საოპერაციო საშიშროებაა, რომელიც ფინანსურ სისტემას ემუქრება. ამიტომ კერძო და საზოგადოებრივმა სექტორმა ეს ხიფათი კარგად უნდა გააცნობიეროს“, - ამბობს ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო სამსახურის მთავარი აღმასრულებელი მარკ ბრენსონი.

ის დასძენს, რომ ამჟამად ყველა შვეიცარიული ბანკი კარგადაა დაცული და დღეში დაახლოებით 100 კიბერ შეტევის მოგერიება შეუძლიათ. მაგალითად, ისეთი პროგრამული ვირუსებისგან, როგორიცაა „რეტიფი“. მაგრამ ამის მიუხედავად, შვეიცარია სხვა ფინანსურ ცენტრებს, რომლებსაც კიბერუსაფრთხოების ცენტრები აქვთ შექმნილი, ამ მიმართულებით მაინც ჩამორჩება. ასეთ ცენტრებში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ჰაკერებმა ვერ შეძლონ საბანკო სისტემაში შეღწევა.

ბრენსონი დასძენს, რომ FINMA-მ დადებითი გამოხმაურება მიიღო იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ციფრული ვალუტების რეგულაციების მეთოდებს ეხება.

ცნობისათვის, შვეიცარია მსოფლიო ლიდერია ციფრული ვალუტების ბაზრის იმ მიმართულებით, რომელიც ICO-ს სახელით არის ცნობილი. ამ მეთოდით, დამწყები კომპანიები თავიანთი საქმიანობისთვის ფულადი სახსრების მოზიდვას ცდილობენ. მაგრამ ICO-ს თაღლითური მიზნებითაც ხშირად იყენებენ. და ეს ციფრული ვალუტებისადმი მთავრობების ნეგატიური დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზია.