„რეზონანსი" - ბიტკოინურმა მაქინაციებმა შეიძლება, ხალხი უსახლკაროდ დატოვოს

ბიტკოინის სახელით მოქალაქეებს ფინანსურ მაქინაციებში ითრევენ. ციფრული ვალუტის გაყიდვა ქსელური მარკეტინგის ფორმას იღებს. თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ ხალხს კრიპტოვალუტის აპარატურის შესაძენად სესხს სთავაზობენ, ახლა აქტიურად იყენებენ "ესემეს" გზავნილებს და ხალხს ბიტკოინის შესაძენად ეპატიჟებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების აზრით, დიდია მცდელობა, ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზარდოს. შეიძლება, მისი შეძენით ვიღაცამ ნამდვილად მოიგოს, მაგრამ გაცილებით მეტია წაგების რისკი, რაზეც პასუხისმგებელი არავინაა.

ბიტკოინის მუდმივად ცვალებად პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ საკმაოდ ბევრმა იზარალა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ფასი 8-9 ათასი დოლარის ფარგლებშია, მაშინ როცა დეკემბრის ბოლოს 18 ათას დოლარსაც აჭარბებდა, თანაც მისი კურსი დაცემას განაგრძობს.

მაგალითად, გუშინ კრიპტოვალუტამ ერბთაშად 550 დოლარი დაკარგა და 8 000 დოლარის მიჯნაზე დაეშვა. ციფრული ვალუტის ღირებულება დაბლა იწევს. შესაბამისად, წააგო უკლებლივ ყველამ, ვინც ბიტკოინი დეკემბერ-იანვარში იყიდა.

როგორც ფინანსისტები ვარაუდობენ, ბიტკოინთან დაკავშირებული სხვადასხვა მაქინაციის გამო შეიძლება, ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩეს. მოსახლეობას სთავაზობენ კრიპტოვალუტის ყიდვას ისე, რომ ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, სად შეიძინოს `ვირტუალური ქონება~ და როგორ "გამდიდრდეს ერთბაშად", როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ რამდენადაც არ უნდა დაზარალდეს ადამიანი ბიტკოინის შეძენით, პასუხისმგებელი არავინაა. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადებები, რათა მოსახლეობა მავნე ფინანსური პროდუქტებისგან დაიცვას.

"ბიტკოინი ჩვეულებრივი სავაჭრო საქონელია და მასთან დაკავშირებით ფასის პროგნოზი წარმოუდგენელია. წინსწარ არავინ იცის, როგორ შეიცვლება საფასო დინამიკა და რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ვალუტას ფინანსურ ბაზარზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ყიდვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება სატელეფონო გზავნილებს, ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი, რათა ბევრმა შეიძინოს ბიტკოინი და მისმა ფასმა აიწიოს. მოთხოვნის ზრდა ერთგვარი სტიმულია ვირტუალური ბიზნესისთვის და მოქალაქეების მოსაზიდად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. საბოლოო ჯამში, ადამიანმა არ უნდა გარისკოს, როცა მას არ აქვს შესაძლებლობა და თავისუფალი რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია.

ჩამოყალიბებული სიტუაცია ციფრული ვალუტების ბაზარზე არ არის. ესაა მომავლის ტექნოლოგია და ხელაღებით მისი უარყოფა არ შეიძლება. ამჟამად მთელ ოპერაციაზე პასუხისმგებელი არავინაა და საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ ყველა ინდივიდუალურად აგებს პასუხს. ეს არც ეროვნული ბანკის ან რომელიმე სხვა ცენტრალური ორგანოს კომპეტენციაა, თუმცა სებ-მა აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადებები, რადგან მავნე ფინანსური პროდუქტებისგან მოსახლეობის დაცვა მას ევალება", - აცხადებს თუთბერიძე და ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ რისკზე, რაც დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ბიტკოინში ინვესტირების შემთხვევაში ემუქრებათ.

"როგორც ჩანს, ფულის კეთების ახალი სქემა შეიმუშავეს. ადამიანი შეიძლება, "გამდიდრების" სურვილით გაბრიყვდეს. იმას ვერავინ აცნობიერებს, რომ ბიტკოინის ღირებულება დაბლაც შეიძლება წავიდეს. თითქმის ყველა შემთხვევაში ფინანსისტების დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ ერთნაირია. მე, მაგალითად, ბიტკოინი არ მაქვს და ვიცი, არც მექნება. სპეციალისტებს მის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს, თამამად შემიძლია თქმა, რომ ფინანსისტები არ ენდობიან ბიტკოინს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ციფრულ ვალუტას არ აქვს მომავალი", - დასძენს თუთბერიძე.

ბიტკოინის რეალიზაციასთან დაკაშვირებულ მანიპულაციებს ეხმაურება საბირჟო საქმის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და ხალხს სწორი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარონ, რაც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

"ვთვლი, რომ ხალხი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რა არის კრიპტოვალუტა, "ფორექსი". სხვათა შორის, ამ უკანასკნელზეც დიდ თანხას კარგავს ხალხი. ქვეყანაში საინვესტიციო დონეა ასამაღლებელი. შესაძლებელია, საზოგადოებრივ არხზე გაკეთდეს სპეციალური გადაცემა, რომელშიც ახსნიან სიტუაციას და მოსალოდნელ საფრთხეზე ისაუბრებენ.

ვერავის აუკრძალავ, რომ შეთავაზება გააკეთოს, სანამ მაქინაციებზე არ დაიჭერენ, უნადაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს. მოსახლეობაც უნდა იყოს აზრზე, რასთან აქვს საქმე. შესაძლოა, ზოგიერთი მართლაც აჰყვეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რადგან ამ ეტაპზე მათ გააჩნიათ მხოლოდ ვარაუდი, იმედი და ბევრი მოტყუვდება.

მიმაჩნია, რომ ინფორმირებულობის დონემ უნდა მოიმატოს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, კანონი არ ითხოვს დეზინფორმაციის მიწოდებისთვის სასჯელს, მაგრამ პოტენციური მომხმარებლის დაცვა აუცილებელია ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ხომიზურაშვილმა.

მარტივად რომ ავხსნათ, ბიტკოინი არის ვალუტა, რომელიც არსებობს მხოლოდ ინტერნეტსივრცეში და შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთმა ადამიანმა უშუალოდ სხვა ადამიანს გაუგზავნოს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ამდენად, იგი მხოლოდ და მხოლოდ "ვირტუალური ფულია", რომელიც არ კონტროლდება რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ.

მაშასადამე, ინვესტიცია კრიპტოვალუტაში შეგვიძლია შევადაროთ აზარტულ თამაშს და ამ რისკზე არ ღირს წასვლა, თუ ადამიანს არ აქვს არანაირი გამოცდილება ფინანსური საქმიანობის ოკეანეში.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"