ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით, 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს არღვევდა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებას დიღმის ჭალებში.
„დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად, რადგან ამ შემთხვევებში დოკუმენტებში ძალიან დიდი ხარვეზები გამოვლინდა და ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით, 600-მდე განაცხადს არ მიეცა თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს არღვევდა. მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მშენებლობას და განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ ყველანაირად, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ბევრი ადამიანის დასაქმება ამ მიმართულებით, ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა. მაგრამ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად. ამიტომ დეველოპერებს, ინვესტორებს ყველას ხელს შევუწყობთ, რომ ეს პროცესი წარიმართოს სწორად, სადაც დაცული იქნება ქალაქის, კერძო მესაკუთრის და ინვესტორის ინტერესები", - განაცხადა კალაძემ.